სოფია ვერულაშვილი – კავკასიაში პირველი ევროპული აკრედიტაციის მქონე სუპერვიზორი გეშტალტთერაპიაში

დღეს გვინდა გაგაცნოთ სოფია ვერულაშვილი – კავკასიაში პირველი ევროპული აკრედიტაციის მქონე სუპერვიზორი გეშტალტთერაპიაში და ევროპული აკრედიტაციის მქონე პირველი ათეულის წევრი პოსტსაბჭოთა სივრცეში.

სოფია ვერულაშვილი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი, (EAGT-ში), იგი გახლავთ, ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი. სოფია ვერულაშვილი არის ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი საქართველოში, ის უძღვება ჯგუფებს ოჯახურ ფსიქოთერაპიაში მსოფლიო წამყვან  სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი, რასელ ჰაბერი, ლარს ბროკი. მას ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის, სუპერვიზორისა და ქოუჩის, ტრენერისა და ლექტორის 23 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა აქვს. სოფია ვერულაშვილი – გეშტალტთერაპიის  და ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელია. მუშაობს ინდივიდუალურად, წყვილებში, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. 2000 წლიდან სოფია ლექციების კურსს კითხულობს  საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, უძღვება თერაპიულ და სასწავლო ჯგუფებს, სემინარებს ოჯახურ თერაპიასა და გეშტალტთერაპიაში საქართველოში, თურქეთში, მოლდოვაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, სომხეთსა და უკრაინაში.  როგორც უკვე გითხარით, სოფია კავკასიაში პირველი ევროპული აკრედიტაციის მქონე სუპერვიზორი გახდა გეშტალთერაპიაში და ასევე, ევროპული აკრედიტაციის მქონე პირველი ათეულის წევრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. რას ნიშნავს გეშტალტთერაპია, რა გზა გაიარა სუპერვიზორობამდე, და რა გეგმები აქვს სამომავლოდ ამაზე თავად სოფია ვერულაშვილი გვიამბობს.

– გეშტალტ გერმანული სიტყვაა და ნიშნავს სისტემას, ეს არის მთლიანობა ჩვენს სხეულსა და ფსიქიკას შორის. ფსიქოთერაპიით ჩვენ ვეხმარებით ადამიანს გახდეს თავის თავის უკეთესი ვერსია და მიიღოს  მაქსიმალური სარგებელი სიცოცხლისგან, იყოს ჯანმრთელი, უფრო წარმატებული, ბედნიერი, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და იქ, სადაც შეუძლია თავად მოქმედება იმოქმედოს და აისრულოს თავისი მიზნები და იმ სიტუაციაში, სადაც მოქმედებას არ აქვს აზრი, გაერიდოს სიტუაციას. როგორც  ცნობილი მეტრი კურტ ვობეგუტი ამბობს: „ღმერთო მომეცი მოთმინება, რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა, რათა შევცვალო ის რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან“ – გენშტალტთერაპია ამაში ეხმარება ადამიანს.

სოფია, როგორც მახსოვს, თავიდან ბავშვთა ფსიქოლოგი იყავით…

– დიახ, თავიდან ბავშვებთანაც ვმუშაობდი, ჩემი აკადემიური განათლებით მე ფსიქოთერაპევტი ვარ, 1999 წელს დავიწყე ჩემი პრაქტიკა და სადღაც პირველი 10 წელი, 2008, 2009 წლამდე ვმუშაობდი ბავშვებთან. პარალელურად, 2000 წლიდან სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ვკითხულობდი ლექციებს და გავზარდე ისეთი სპეციალისტები, რომელთაც გადავაბარე ბავშვები და მე დავიტოვე მხოლოდ მოზარდები და ზრდასრულები. ამჟამად ვმუშაობ წყვილებთან, ოჯახებთან და ამ ეტაპზე ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპიევტი ვარ. გეშტალტთერაპიაში მე თავიდანვე ვმუშაობდი, დავამთავრე დიმიტრი უზნაძის სახელობის სამედიცინო ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, სამეცნიერო ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ მთელ ევროპაში და მსოფლიოში ფსიქოთერაპია  არის დიპლომის შემდგომი განათლება, ჩვენ კი აკადემიურ ცოდნაზე დაყრდნობით ვმუშაობდით და შემდეგ, როცა გავერკვიეთ საერთაშორისო სტანდარტებში, ფსიქოთერაპევტების პროფესიულ საკვალიფიკაციო ნორმებში, შევქმენი კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის ფარგლებში გავხსენი გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამა და პირველ ჯგუფში მე თვითონვე ვისწავლე უკვე ევროპული სტანდარტით.

– და ვინ იყვნენ პირველი ჯგუფის პედაგოგები?

– მაშინ ჩვენ არავის გვქონდა სწავლების უფლება, ამიტომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული გვყავდა გეშტალტთერაპევტები და ისინი ასწავლიდნენ სტუდენტებს. როგორც უკვე გითხარით, ჩემივე გახსნილ ინსტიტუტში მეც ვიყავი და 5 წელი ვისწავლე, ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი კოლეგები, რამდენიმე მათგანი იმ პერიოდისთვის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გახლდათ (თინა ფანცულაია, ნანა ბურდული…). ჩვენ გვასწავლიდნენ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერები. აქედან უკვე სხვა ეტაპზე გავიდა ჩემი ფსიქოთერაპევტობა, გეშტალტთერაპევტობა, ჩემთან ერთად ჩემი კოლეგების და ჩვენ საერთაშორისო დონის ფსიქოთერაპევტები გავხდით.

შემდეგი საფეხური სუპერვიზია არის, როცა ფსიქოთერაპევტს სჭირდება თავის სუპერვიზორი, ანუ პროფესიული ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიულ ზედამხედველობას უწევს მის ფსიქოთერაპიულ მოღვაწეობას. სუპერვიზიით მე მანამდეც ვიყავი დაკავებული, მაგრამ სწორედ ევროპული სტანდარტების მიხედვით სუპერვიზორი გავხდი უკვე იტალიის ინსტიტუტში სწავლის დროს. იქ ვისწავლე სამი წელი და მივიღე საერთაშორისო ევროპული აკრედიტაცია, როგორც გეშტალტთერაპიის სუპერვიზორმა. და გავხდი პირველი გეშტალტთერაპევტი სუპერვიზორი მთელ კავკასიაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სივრცეში შევედი პირველ ათეულში. ახლა უკვე შემიძლია იმ ენებზე რა ენებსაც ვფლობ, მსოფლიოს გენშტალტთერაპევტებს გავუწიო სუპერვიზია მათ ფსიქოთერაპიულ პრაქტიკულ მოღვაწეობაში და აკრედიტაციისთვის მივცე რეკომენდაცია .

2012 წლიდან ჩვენ ინსტიტუტში ძალიან წარმატებით მუშაობს გეშტალტთერაპიის 5 წლიანი პროგრამა, უკვე სამი გამოშვება გვყავდა. ათეულობით გეშტალტთერაპევტმა მიიღო აკრედიტაცია და ჩვენი დიპლომის აღების შემდეგ გახდა ევროპის გეშტალტთერაპვტთა ასოციაციის წევრი, მათ შორის არა მარტო საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. დღეს უკვე მეექვსე სასწავლო ჯგუფი გვყავს და მეშვიდე ჯგუფშიც გამოცხადებულია მიღება. ნოემბერში, ოჯახურ თერაპიაში დავიწყეთ ოთხ წლიანი სასწავლო პროგრამა და ეს არის საქართველოში პირველი პრეცედენტი, როდესაც ოჯახურ თერაპიაში გვეყოლება პროფესიონალები, ევროპული საერთაშორისო სტანდარტების მქონე ოჯახური ფსიქოთერაპევტები, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების კეთილდღეობისთვის, იმიტომ რომ ოჯახი არის მთავარი, ადამიანის ერთ – ერთი ძირითადი  საყრდენი შემდგომ ცხოვრებაში მისი ჯანმრთელი ფუნქციონირების და წარმატებისა  და რაც უფრო ჯანსაღი ოჯახური გარემო იქნება, ეს ძალადობის პრევენციის კარგის საწინდარი არის.

და კიდევ ერთი პროგრამა – ჩვენ უბრალოდ კი არ ვუშვებთ გეშტალტთერაპევტებს, ჩვენ გვაქვს იტალიის ინსტიტუტთან ერთად, გეშტალტთერაპევტების კვალიფიკაციის ამაღლების სამწლიანი პროგრამა, სადაც ყველა ტრენერი მოწვეულია ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციიდან და იტალიის გეშტალტის ინსტიტუტიდან. იტალიის გეშტალტის ინსტიტუტი ევროპაში ყველაზე ძველი, ხანდაზმული ინსტიტუტია, რომელსაც სამი ძირითადი ცენტრი აქვს სირაკუზაში, მილანში და პალერმოში. სწორედ ამ ინსტიტუტის ტრენერები ასწავლიან ჩვენთან. ეს არის საქართველო იტალიის ერთობლივი პროექტი, სადაც სწავლობენ უკრაინელები,  ბალტიისპირელები, ყაზახები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები. ძალიან სერიოზული წარმატებაა, გქონდეს ასეთი ახლო კონტაქტი ყველაზე ძლიერ ევროპის ინსტიტუტთან და ერთმანეთთან ცვლიდე ცოდნასა და  კომპეტენციას, პრაქტიკულ გამოცდილებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ჩვენი ინსტიტუტის ორგანიზებით, მიდის ჯგუფი კვალიფიკაციის ასამაღლებლად მსოფლიო მეტრთან მარგარიტა სპანოლო ლობისთან, რომელიც გახლავთ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის გეშტალტის ინსტიტუტის დირექტორი (სირაკუზა, პალერმო, მილანი), გეშტალტთერაპიისა და ფსიქოპათოლოგიის საერთაშორისო ტრენერი და ასევე, სუპერვიზორთა სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელი და ტრენერი. წელს, აპრილში, ჩვენ კიდევ წავალთ მასთან და კვალიფიკაციას ავიმაღლებთ წყვილებთან მუშაობაში, განსაკუთრებით ომის და სხვა კატაკლიზმებით გამოწვეულ წყვილთა პრობლემასთან მიმართებაში.

ცოტა რამ გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ

– ბევრი გეგმა გვაქვს, მომავალი წლიდან  ინსტიტუტში ვიწყებთ სუპერვიზორთა ევროპული აკრედიტაციის მქონე პროგრამის და ასევე ტრენერების მომზადებას, რათა საქართველოს ჰყავდეს თავისი სუპერვიზორები და ფსიქოთერაპიის ამ მოდალობის გეშტალტთერაპიის ტრენერები, ვინც მერე სხვას ასწავლის. ეს არის უახლოესი გეგმები. ჩვენი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოში კიდევ ორი გეშტალტ ინსტიტუტია –  თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი  და საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი, ჩვენ გავერთიანდით, შევქმენით გეშტალტთერაპიის ეროვნული ასოციაცია, გავხდით ევროპის გეშტალტთერაპევტთა ორგანიზაციის ასოციაციის აკრედიტებული ასოციაცია, რომელიც პროფესიულ სტანდარტებზეა პასუხისმგებელი საქართველოში,  ქვეყნის შიგნით არეგულირებს გეშტალტთერაპევტთა პროფესიულ სტანდარტებს,  მათ ეთიკურ მუშაობას და ქვეყნის გარეთ ზრუნავს საქართველოს გეშტალტთერაპევტთა  წარდგენაზე, საქართველოს სახელის გარეთ გატანაზე. მინდა ვთქვა, რომ საქართველო თანაბრად უსწორებს თვალს ევროპას, ცივილიზებულ სამყაროს და ვართ მოწოდების სიმაღლეზე და მეც ჩემი წვლილი შემაქვს ამ ყველაფერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები