ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი იმართება

10 და 11 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი მეოთხედ იმართება, რომელშიც მონაწილეობას შოკოლადის 15-მდე კომპანია მიიღებს. მათ შორის, დამწყები სტარტაპერები და ყველასთვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები.

ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში, სანტა, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტოდეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდებათ. ღონისძიებას მუსიკალურად DJ გააფორმებს. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ. ფესტივალზე შეგეძლებათ „მასტერშეფის“ ფინალისტის, კონდიტერი ნიკუშა მანაგაძის შოკოლადიანი ჩურჩხელებისა და საახალწლო თათარას მასტერკლასს დაესწროთ.

შოკოლადის საახალწლო ფესტივალი 13:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები