ქართულ საკვირაო სკოლას ქ. ბაზელის საჯარო სკოლის შენობაში სრულიად უსასყიდლოდ ფუნქციონირების უფლება 4 წლის ვადით გაუგრძელდა
ნოემბერში, შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე ქ. ბაზელს ეწვია, სადაც ბაზელ-შტადტის კანტონის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბაზელში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის “ნაკადული” ამ ქალაქის საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირების ნებართვის საკითხი და სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
შვეიცარიულმა მხარემ საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობა და ბაზელის ქართული საკვირაო სკოლის მუშაობა უაღრესად დადებითად შეაფასა. დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციისადმი დაქვემდებარებული სასწავლებლის შენობაში ქართული საკვირაო სკოლის სრულიად უსასყიდლოდ ფუნქციონირების უფლება 4 წლის ვადით გაეგრძელებინა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს მონაწილეობით, გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტები.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და პროექტების ერთობლივ განხორციელებაზე.