„მას უშლიდენ წინ მუხისა, დაფნისა და პურის თაველებისაგან შეკრულს გვირგვინებს…“
1938 წლის 15 ოქტომბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს. გადამსვენებელი კომისიის წევრები იყვნენ მწერლები: ალიომა შაშვილი (კომისიის თავმჯდომარე), შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე და ილო მოსაშვილი, აგრეთვე პროფესორი ვლადიმერ ჟღენტი და დოცენტი არკადი ჯორბენაძე. ვლ. ჟღენტმა ასისტენტთან, ა. ჯორბენაძესთან ერთად დაათვალიერა და ააწყო ჩონჩხი. პოეტის ჩონჩხი მთლიანად შენახული აღმოჩნდა. გაზეთ „კომუნისტის” 1938 წლის 243-ე ნომერში ვკითხულობთ: „ჩონჩხის აღდგენის სურათი ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი საშუალო ტანისა და ძვალ მსხვილი კაცი ყოფილა. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბარათაშვილი ოდნავ კოჭლი იყო. მეცნიერულმა ექსპერტიზამ ფეხის მარცხენა ქვედა კიდურზე დაადასტურა დაკოჟიჟება. თავის ქალა საშუალო ზომისაა, კარგად შენახული. კუბოში აღმოჩნდა აგრეთვე ძველებური ქართული ფეხსაცმლის ლანჩა და ქუსლი, აგრეთვე პოეტის ტანსაცმლის ერთი თითბრის ღილი”.
გადასვენებას ქართველ მწერლებთან სერგო კლდიაშვილთან, ირაკლი აბაშიძესთან, ლადო ასათიანთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, სიმონ ჩიქოვანთან, ალექსანდრე გომიაშვილთან, სანდრო ეულთან და სხვებთან ერთად დაესწრო პოეტის დისწული გიორგი სუმბათაშვილი.
სერგო კლდიაშვილი გადასვენების დღეს ასე იხსენებს: „აკლდამა, რომელშიც ჩასვენებული იყო კუბო, დიდი წვალების შემდეგ ჩასტეხეს მუშებმა. კუბოს სახურავი გატყდა და გამოჩნდა ცინკის ყუთი. იქ ესვენა ნეშტი. ყუთზე იდო ფაიფურისაგან გაკეთებული ვარდების კონა. ერთი ვარდი მე წავიღე, მეორე – შალვა აფხაიძემ, კიდევ პავლე ინგოროყვამ და რაჟდენ გვეტაძემ. ყუთი ახალ კუბოში ჩავასვენეთ და მთაწმინდისკენ მანქანით წავიღეთ. მთაწმინდაზე ასვლისას ყუთი გახსნეს. ყუთში აღმოჩნდა კარგად შენახული თავის ქალა და ძვლები ყველაფერი დაშლილი, ცალკე იყო. ორ შეერთებულ მაგიდაზე დაალაგა ძვლები პროფესორმა ჟღენტმა და შემდეგ ააწყო ჩონჩხი. თავის ქალაში, სადაც ოდესღაც უკვდავი ლექსები იბადებოდნენ, პროფესორი ახლა ხელს უყოფდა და სწმენდდა. მარცხენა ფეხზე კოჭთან პროფესორმა უმნიშვნელო ანომალია შენიშნა. მეხსიერებაში გაცოცხლდა ის დღეც, როცა ცელქმა ბავშვმა ფეხი იტკინა. ლამაზი, მრგვალი, პატარა თავის ქალა თვალის ორი ცარიელი ღრუთი გვიყურებდა. სიზმარი ხომ არ ყოფილა, რაც გარშემო ხდებოდა? ძვლები ისევ აშალეს და ახალ ცინკის ყუთში, პატარა კუბოში ჩაასვენეს. ეს პატარა კუბო შემდეგ დიდ კუბოში მოვათავსეთ და ახლა, ალბათ სამუდამოდ, აკლდამაში ჩავასვენეთ. დღის ორ საათზე დავბრუნდით და დიდი პოეტის შესანდობარი დავლიეთ.”
პირველად კი, ნიკოლოზ ბარათაშვილი საქართველოში 1893 წლის 25 აპრილს ჩამოასვენეს ქალაქ განჯიდან, რაც „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ორგანიზებით განხორციელდა. საზოგადოების მინდობილობით, 1893 წლის 23 აპრილს, განჯაში ჩავიდნენ გრიგოლ ორბელიანი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია. გიორგი იოსელიანი განჯის ეკლესიას, რომლის ეზოშიც იყო დაკრძალული პოეტი, ასე აღწერს: „განჯის დასავლეთს განაკიდეში, იმყოფება დაძველებული ეკლესია, აშენებული წმინდა ზაქარიას და ელისაბედის სახელზე. ეს ეკლესია არის გრძელი და ოთხკუთხოვანი და ჩამოჰგავს თავის ფორმით ყაზარმას. დღეს ამ ეკლესიაში წირვა-ლოცვა გაუქმებულია, რადგანაც განჯაში მთავრობას ახალი ტაძარი აუგია”. გრიგოლ ორბელიანმა პოეტის დებისგან იცოდა, რომ ნიკოლოზი ძმის, გიორგის მარჯვნივ იყო დაკრძალული, რაც მცდარი აღმოჩნდა და ჩასულებს მთელი მომდევნო დღის განმავლობაში მოუწიათ ნეშტის ძიებამ გიორგის საფლავის გარშემო: „მუშებს სულ ახალ და ახალს ვაყენებდით. სულ გამოვცვალეთ 24 მუშა, ხალხი დაღონდა და იმედი დაეკარგათ ძვირფასის ნეშტის პოვნისა. ჩვენ-კი, რომელთაც მონდობილი გვქონდა ამ ნეშტის ქალაქში მოსვენება, ფერი გვეცვალა და აღარ ვიცოდით, რა გვექნა, როგორ უნდა ჩავსულიყავით ტფილისში და რა პასუხი უნდა გაგვეცა იმათთვის, ვინც მომზადებული იყვნენ ხვალინდელ დიდამბისთვის და იმათთვის განსაკუთრებით, ვინც სხვა ქალაქებიდამ ჩამოსულიყვნენ, ცალკე გვრცხვენოდა ჩვენი შეცდომისა: როგორ დაგვემართა, რომ ჯერ საძებარი ნეშტი არ მოვძებნეთ და ისე გამოვაცხადებინეთ გადმოსვენების დღე?” – წერს ალ. ჭყონია თავის წერილში.
იმედგაცრუებულები თბილისში ტელეგრამის გამოგზავნასაც ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ნაშალ მიწაში პოეტის ნეშტი. ნიკოლოზის მუნდირის ფოლაქები და კარგად შენახული წაღების ნაწილები „წერა-კითხვისსა ზოგადოების” წიგნთსაცავისთვის წამოიღეს, ნეშტი კი დიდი პატივით გამოაცილა განჯის ქართველობამ რკინიგზის სადგურამდე.
ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენება რამდენადაც საამაყო იყო ქართველთათვის, იმდენად აშფოთებდა და ფაქტისადმი მტრულად განაწყობდა მაშინდელ ჟანდარმერიას. თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი შიშობდა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენება, ისევე, როგორც ალექსანდრე ყაზბეგის დიდი პატივით დაკრძალვა, ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას შეუწყობდა ხელს და არეულობას გამოიწვევდა, რასაც „ქართველი ერის სეპარაციისადმი მიდრეკილებით” ხსნიდა. მისი შიში ალექსანდრე ყაზბეგის დაკრძალვისას მიღებულ გამოცდილებას ეფუძნებოდა: „როგორც ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებამ, ისე ყაზბეგის გვამის დიდი პატივცემით დასაფლავებამ… ყაზბეგისა, რომლის სიკვდილმა მისცა საშუალება ქართველებს ემცნოთ თუ მთელი ქვეყნისთვის ვერა, კავკასიისთვის მაინც, რომ ისინიც არსებობენ… ეს ამბები გამოიწვევდა პოლიციასთან შეტაკებას, რომლის დროსაც უეჭველად ექნებოდა ადგილი დიდ სისხლის ღვრას, თუ სახეში მივიღებთ ქართველების თავმოყვარეობას და სიფიცხეს”. შესაბამისად, თბილისის ჟანდარმერიაც სრულ მზადყოფნაში იყო და პროცესიას დიდ ყურადღებას აქცევდნენ; თუმცა, ამჯერად, არეულობა არ მომხდარა. ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის საიდუმლო მოხსენებაში, რომელიც მან პოლიციის დეპარტამენტში 1894 წლის 7 მარტს გაგზავნა, ვკითხულობთ: „ქართველებმა ხელახლა წამოაყენეს მივიწყებული საკითხი ქართველი პოეტის ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების შესახებ განჯიდან ტფილისში, რომელიც გარდაიცვალა ამ საუკუნის დასაწყისში და დასაფლავებული იყო განჯაში. განსაკუთრებული მიზნით მოთხარეს მიწიდან რაღაც ძვლები და ეროვნული პოეტის ნეშტის სახით გადმოასვენეს ტფილისში, სადაც ამ ნეშტს მიეგება მრავალს ათასიანი საზოგადოება და დიდის პატივით და მოწიწებით მიაბარეს მიწას. კუბო ხელიდან ხელში გადადიოდა და არა თუ ყველა წოდების პირები ეცილებოდნენ ერთმანეთს მის წაღებაში, არამედ ქალებიც კი ცდილობდნენ როგორმე, რამდენიმე ნაბიჯზე კუბოს ტარებაში მონაწილეობა მიეღოთ. დედებს მოეყვანათ თავისი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ კუბოს, როგორც წმინდანის ნეშტს”, ხოლო ჟურნალ „კვალის” 1893 წლის მე-18 ნომერში ასეა აღწერილი პროცესია: „დღე იყო ღრუბლიანი, დილით ცოტად წინწკლავდა. ქალაქიდან ხალხი მიეშურებოდა რკინისგზის სადგურზედ. დიდი, პატარა, ქალი, ჩვილი, ყველანი იქ მიისწრაფოდენ, გულის ძგერით მოელოდენ, თვალი მოეკრათ დიდებულის ქართველის ნაშთისთვის. გაისმა რკინისგზის სადგურზედ მწყობრი, გულის სიღრმემდის მისაწვდენი ტკბილი ხმა ქალების გალობისა: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით”… მას უშლიდენ წინ მუხისა, დაფნისა და პურის თაველებისაგან შეკრულს გვირგვინებს. ერი ჰგალობდა „წმინდაო ღმერთოს” და ამ დიდებით გაჰყვა იგი დიდუბის ტაძრამდის”.
წყარო:nikolozbaratashviliblog