დიმიტრი შევარდნაძე – „მე პირადად მხატვრობას თავი დავანებე დროის უქონლობის გამო”

საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა, ამხანაგმა ლავრენტი ბერიამ გადაწყვიტა, მეტეხის ტაძარი დაენგრიათ და მის ადგილას შოთა რუსთაველის ძეგლი აღემართათ. დანგრეული ტაძრის მაკეტი კი «საპატიო ადგილას», იქვე აშენებულ მუზეუმში უნდა მოეთავსებინათ. ამ უგუნურ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა ქართველ მოღვაწეთა ერთი ნაწილი, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და გიორგი ჩუბინაშვილი. დელეგაცია, რომელსაც ერთი მოკრძალებული მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე მეთაურობდა, ბერიას ეახლა და კატეგორიულად მოითხოვდა ამ გადაწყვეტილების გაუქმებას – ქვეყანა დიდი პოეტის იუბილესთვის ემზადება, თქვენ კი იმ ტაძრის დანგრევას აპირებთ, სადაც ალბათ რუსთაველი ლოცულობდაო… ბერიამ ყურადღებით მოუსმინა მათ, ყველა გაისტუმრა, ხოლო თავკაცს კაბინეტში დარჩენა სთხოვა: თქვენ რა, საზოგადოებრივი აზრი გინდა შემიქმნათ? მეტეხი მაინც დაინგრევა, ოღონდ ამჯერად თქვენი პირადი მოთხოვნით, და ამ საკითხს თქვენ თვითონვე წამოჭრითო.

ტაძარი გადარჩა, მაგრამ მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე სულ მალე დააპატიმრეს.

1885 წლის 1-ელ დეკემბერს გურიაში, სოფელ ბახვში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა დიმიტრი შევარდნაძე. მისი ბიოგრაფია კარგად ასახავს იმ ტენდენციას, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნათლად გამოიკვეთა საქართველოში: ნიჭიერ მოზარდს განათლების მისაღებად საზღვარგარეთ აგზავნიდნენ, სწავლისას თვალს ადევნებდნენ, რის შემდეგაც ის სამშობლოს სამსახურში დგებოდა. სამწუხაროდ, მოგვიანებით, ეს ტენდენცია კომუნისტებმა ამოძირკვეს.. პატარა დიტოსაც დაუნიშნეს მეურვეობა, მასზე ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგები ზრუნავდნენ. სწავლების დამთავრების შემდეგ იგი ჭიათურის ქვანახშირის სააქციო საზოგადოების სტიპენდიით გაემგზავრა მიუნხენში, სადაც 1907 წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, პროფესორ ოტო ზაიტცის კლასში. დანიშნული თანხა სტუდენტს არ ჰყოფნიდა ატელიეს, მოდელის, საღებავებისა და ყოველდღიური ხარჯების დასაფარავად, ამიტომ ფოტოგრაფთან რეტუშორად მუშაობდა. შემდეგ თვითონაც მიჰყო ხელი ფოტოსაქმეს და წარმატებასაც მიაღწია, აქვე მუშაობდა ჭიათურის სამთო ტექნიკური სასწავლებლის ეკლესიის კანკელის მოხატულობის ესკიზებზე, ხატავდა კარიკატურებს ქართული იუმორისტული ჟურნალის, «მათრახი და სალამურის» რედაქციისთვის. ხელმოკლეობის მიუხედავად, დიტო თავდაუზოგავად მუშაობდა ოსტატობის სრულყოფისთვის. ერთხელ დრეზდენის სურათების გალერეაში შევარდნაძე ანტონიო და კორეჯოს ფერწერული ტილოს «წმინდა ღამის» ასლს ხატავდა. გალერეაში მყოფი რუმინეთის მეფე კაროლ I, ხელოვნების დიდი მოტრფიალე და კოლექციონერი, აღფთოვანებაში მოიყვანა მისმა ოსტატობამ.

სამხატვრო აკადემია დიმიტრი შევარდნაძემ 1912 წელს დაამთავრა, ხოლო ორი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში არ მომხდარა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მონაწილე ან მოთავე დიმიტრი შევარდნაძე არ ყოფილიყო. იგი მოწოდებით ნამდვილი ლიდერი იყო, ნებისმიერი კეთილი საქმის სულის ჩამდგმელი და თავკაცი.

1916 წელს შევარდნაძემ ჩამოაყალიბა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, მხატვართა პირველი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო «მხატვართა, მოქანდაკეთა და ხუროთმოძღვართა ურთიერთშორის დაახლოება-შეკავშირებისთვის და ყველა თაობის ხელოვანთა საქმიანობის გეგმიანი წარმართვისთვის». საგულისხმოა, რომ შევარდნაძემ თავისთვის თავმჯდომარის ამხანაგის (რუსეთის იმპერიაში ეს მოადგილის ტოლფასი იყო) მოკრძალებული თანამდებობა აირჩია. ხასიათის ეს გამორჩეული თვისება მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. დიტო შევარდნაძის თავმდაბლობა მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს, ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები მასში ერთგულ მეგობარსა და ქომაგს ხედავდნენ. საზოგადოებამ სტიპენდიები დაუნიშნა ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს – ლადო გუდიაშვილს, დავით კაკაბაძეს, ელენე ახვლედიანს, შალვა ქიქოძეს, შალვა ხმალაძესა და სხვებს, რათა მათ განათლება საზღვარგარეთ მიეღოთ. იმავე წელს საზოგადოების ინიციატივით მოეწყო ქართველ მხატვართა ექსპედიცია სოფელ ნაბახტევში, იქაური ეკლესიის მხატვრობის პირების გადმოსაღებად, სადაც დარჩენილი იყო XV საუკუნის დასაწყისის ფრესკები – ამირეჯიბთა საგვარეულოს პორტრეტებით.

დიმიტრი თავის ძმას მიხაკოს სწერდა: «დღეს საღამოს სხვა მხატვრებთან ერთად მივემგზავრები სოფელ ნაბახტევში ფრესკების გადმოსაღებად, დავით გარეჯას მონასტერში წასვლა გადავდეთ, ნაბახტევის ეკლესია უფრო ცუდ მდგომარეობაშია, სახურავი სულ არა აქვს და კედლებზე წვიმა ფრესკებს რეცხავს». ეკლესიის მხატვრობის ეს პირები გამოიფინა დიდების ტაძარში (ახლანდელი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს მხატვართა გალერეა) და საყოველთაო ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით, 1935 წელს, შევარდნაძე მხატვარ შალვა აბრამიშვილთან ერთად ნაბახტევის ფრესკების ნაწილს თბილისში ჩამოიტანს. ლადო გუდიაშვილი იხსენებდა: «ყველაზე მუყაითი, მუდამ დაუღალავი დიმიტრი შევარდნაძე იყო, ექსპედიციის მთავარი მხატვარი, კედლის მხატვრობის კარგი მცოდნე და ქართული ფრესკების დიდი მოტრფიალე».

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 1917 წელს ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის მოწყობის ინიციატორიც დიმიტრი შევარდნაძე ყოფილა, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით განხორციელებულ ამ ექსპედიციაში, შევარდნაძე, სხვა ცნობილ მხატვრებთან ერთად, რიგით წევრად მონაწილეობდა.

ნიკო ფიროსმანის სურათების აღმოჩენის, გადარჩენისა და ერთად თავმოყრის საქმეს შევარდნაძემ უდიდესი ამაგი დასდო. აკადემიური ტრადიციების მიმდევარი გახლდათ, მაგრამ ერთ-ერთმა პირველმა ამოიცნო ფიროსმანში ნამდვილი ტალანტი. დიტო შევარდნაძეს იგი მიაჩნდა ეროვნულ მხატვრად, რომელსაც თანამედროვეთა შორის ყველაზე მეტად ჰქონდა კავშირი ძველ ქართულ კედლის მხატვრობასთან. მხატვარი იხსენებდა: «საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიქცია სადგურის წინ მდებარე დუქნებში სურათებმა. დაინტერესებულმა გამოვიძიე ავტორის ვინაობა და მითხრეს, რომ ეს ნახატები ეკუთვნის ნიკო ფიროსმანაშვილს. ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოვლით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება». 1916 წელს მან მოაწყო ფიროსმანის ერთდღიანი გამოფენა საკუთარ ბინაში, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში. სამწუხაროდ, მისი დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, გამოფენის გატანა საზღვარგარეთ ვერ მოხერხდა.

სამხატვრო გალერეას დიმიტრი შევარდნაძემ სხვადასხვა დროს შეძენილი ფიროსმანის 11 სურათი უანდერძა, რითაც საფუძველი ჩაუყარა მხატვრის ნაწარმოებების დიდ კოლექციას. ფიროსმანის ჩვენთვის კარგად ცნობილი ფოტოც ასევე მისი მოთხოვნითაა გადაღებული.

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ, დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით, 1920 წლის 6 აპრილს დეკრეტი მიიღო საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ. მხატვარი გიორგი ერისთავი იგონებდა: «დიტომ ძალიან ენერგიულად მოჰკიდა ხელი ნაწარმოებების, უმთავრესად ქართული მხატვრობის ნიმუშების შეკრებას. ბევრი ქალაქი და სოფელი მოიარა და მრავალი სურათი შეაგროვა. ზოგ მათგანს საჩუქრად აძლევდნენ, ზოგს ყიდულობდა. ასევე შეკრიბა წიგნები და ბიბლიოთეკა მოაწყო». მან თავი მოუყარა XIX საუკუნის თბილისური, სპარსული და დასავლური მხატვრობის ბევრ შესანიშნავ ნიმუშს. თანამშრომელთა შტატში სულ რამდენიმე ადამიანი იყო, არადა გალერეასა და მის ფონდს მეთვალყურეობა და დაცვა სჭირდებოდა. მაშინ დიმიტრი შევარდნაძემ დატოვა თავისი ბინა გუნიბის (ახლანდელი ბარნოვის) ქუჩაზე და გალერეის სარდაფში დასახლდა. ყველაფერს თავისი ხელით აკეთებდა, არავითარ სამუშაოს არ თაკილობდა. ერთ დღეს გალერეაში სტუმრად ჩამოსული რუსი მხატვარი მისულა და დირექტორი უკითხავს. მისი დამხვდური ცოცხიანი კაცი, რომელიც იატაკს გვიდა, სტუმარს დირექტორის კაბინეტში შეუძღვა, მაგიდას მიუჯდა და გაეცნო – შევარდნაძე მე გახლავართო. სხვათა შორის, კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ ფილმში «გოგი რატიანი» (1927 წ.) თქვენ ნახავთ სამხატვრო გალერეის კიბეზე მოსაუბრე ტიციან ტაბიძეს, კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს, ალექსანდრე წუწუნავასა და დიმიტრი შევარდნაძეს. ეს კადრები განადგურებას რაღაც სასწაულით გადაურჩა, რადგან ტიციან ტაბიძე და დიმიტრი შევარდნაძე დახვრიტეს, როგორც ხალხის მტრები.

ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ, საყოველთაო პოლიტიკური ტერორისა და ქაოსის პირობებში, დიმიტრი შევარდნაძისთვის ცხადი გახდა, რომ ახალ ხელისუფლებასთან აშკარა კონფრონტაცია ეროვნულ ინტერესებს კარგს არაფერს უქადდა. ამიტომ მან, ამ ურთულეს ვითარებაში დაიწყო კომპრომისული გზების ძიება ქართული საქმის საკეთილდღეოდ. ყველანაირად ცდილობდა, ქართული კულტურა სოციალისტური რეალიზმის მარწუხებისგან დაეცვა. იყო შემთხვევა, როცა მოსკოვიდან მოსული დირექტივის თანახმად, ყველა რესპუბლიკის ცენტრალურ მუზეუმს დაბალი ხარისხის მხატვრული ნაწარმოებები უნდა შეეძინა, რასაც შევარდნაძე კატეგორიულად აღუდგა წინ. შემდგომში ეს მის საწინააღმდეგო ერთ-ერთ სამხილად გამოიყენეს.

დატვირთული საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, შევარდნაძე ნაკლებ დროს უთმობდა საკუთარ შემოქმედებას. 1924 წელს შევსებულ ერთ ანკეტაში მან ჩაწერა: «მე პირადად მხატვრობას თავი დავანებე დროის უქონლობის გამო». მიუხედავად ამისა, მან მაინც ბევრის გაკეთება შეძლო. შევარდნაძემ შექმნა ქართული შრიფტის ერთ-ერთი ვარიანტი, თბილისის უნივერსიტეტის გერბი, რომელიც პირადად ივანე ჯავახიშვილმა შეუკვეთა, მას ეკუთვნის დამოუკიდებელი საქართველოს ფულის ნიშნებისა და საფოსტო მარკების ესკიზები; იყო წიგნის ილუსტრატორი, აგრეთვე არაერთი ცნობილი სპექტაკლისა და საოპერო დადგმის მხატვარი. მუშაობდა ისეთ ცნობილ ფილმებზე, როგორიცაა «ქრისტინე», «ვინ არის დამნაშავე?», «ჯანყი გურიაში», «ელისო». მისმა მხატვრულმა ხედვამ და ოსტატობამ, პერსონაჟთა სახეებისა და ხასიათების პროფესიონალურმა წვდომამ დიდი როლი შეასრულა ამ ფილმების პლასტიკური სახის შექმნაში.

შევარდნაძე ბევრს ცდილობდა ჩვენში სამხატვრო განათლების განვითარებისთვის. მან საფუძველი მოუმზადა საქართველოს პირველი სამხატვრო სასწავლებლის – სამხატვრო აკადემიის დაარსებას.

…როცა დიმიტრი შევარდნაძე გალერეაში გადასახლდა, თავისი ბინა-სახელოსნო ცნობილ მხატვარ ქეთევან მაღალაშვილს დაუთმო. მათ ერთმანეთი 1919 წელს გაიცნეს, იმ წლიდან იწყება მათი რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობა. ქალბატონ ქეთევანის სიტყვებით, იგი მუდამ დიტოს ყურადღებითა და მეგობრული ზრუნვით იყო გარემოცული. «თქვენ ეცადეთ თქვენი ჯანმრთელობისთვის, დანარჩენი კი ჩემი საქმე იყოს, ისე მოგაწყობთ სამუშაოდ, რომ არაფერი გაგიჭირდეთ. მინდა მოგაშველოთ ხუთი ათასი მანეთი, თუ ნებას მომცემთ, გამოვაგზავნი ფოსტით», – წერდა შევარდნაძე ქეთევანს ერთ-ერთ წერილში.

ქეთევან მაღალაშვილი იგონებდა: «თანდათანობით დიტომ ექსპონატების ისეთი რაოდენობა შეკრიბა, რომ უკვე ვეღარ ეტეოდა გალერეაში. აუცილებელი შეიქნა ახალი დიდი შენობის გამოძებნა. შესაფერის სამუზეუმო ადგილად შეირჩა ყოფილი მეტეხის სიმაგრე, სადაც იმ დროს ციხე იყო. დიტოს მცდელობისა და ზრუნვის შედეგად, ციხე ორთაჭალაში გადაიტანეს და მეტეხის სიმაგრე მთლიანად მუზეუმს გადაეცა. ამ საზეიმო დღესთან დაკავშირებით, 1933 წლის 18 ნოემბერს, დიდი მიტინგი ჩატარდა, რესპუბლიკის პრესა მხოლოდ ამ ფაქტს აშუქებდა. მიტინგზე მეტეხის ციხის ყოფილმა კომენდანტმა ციხის გასაღები ახალი მეტეხის დირექტორს, დიმიტრი შევარდნაძეს გადასცა. აქედან დაიწყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შექმნის ახალი ეტაპი. «ეს ისტორიული ძეგლი უნდა ვაქციოთ ახალ ლუვრად», – ამბობდა დიმიტრი შევარდნაძე. მუზეუმის დირექტორად თავად დაინიშნა. მან გაარემონტა ერთ-ერთი კორპუსი, რათა ექსპონატთა ნაწილი დროებით დაებინავებინათ და მუზეუმის მომავალი შენობისთვის პროექტზე ზრუნვას შეუდგა.

ერთ დღესაც მუზეუმში, გახურებული მუშაობისას, მოულოდნელად გამოეცხადა ბრიგადა ლავრენტი ბერიას სახელით. დიმიტრი შევარდნაძემ დაუპატიჟებელი სტუმრები უკანვე გაისტუმრა. სულ მალე შევარდნაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პრესაში მის წინააღმდეგ მიზანდასახული კამპანია დაიწყო, სადაც სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად ამხელდნენ ხალხის მტრის, შევარდნაძის ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას. აი, რას წერდნენ იმდროინდელი გაზეთები: «ყველა ორატორის სიტყვა გამსჭვალულია ღრმა სიყვარულით და ერთგულებით საბჭოთა ქვეყნისადმი და უსაზიზღრესი მძულვარებით ხალხის მტრებისადმი, მათ შორის მუზეუმის ყოფილი დირექტორის, გარეწარ შევარდნაძისადმი, რომელიც მთელი თავისი საქმიანობისას შენიღბულ შხამიან გესლს ანთხევდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დევნიდა მუზეუმიდან საბჭოთა თემატიკას და მის მაგივრად არქაული სიძველეების იდეალიზაციას ახდენდა».

«ერთ ღამეს დიტომ ჩემს კარზე დააკაკუნა, მივხვდი, ცუდად იყო საქმე. მან დამიბრუნა ძმის სამკურნალოდ გადადებული ორი ათასი მანეთი, სეიფში შესანახად რომ მივაბარე, გადმომცა ასევე თავისი ჯიბის საათი, – იხსენებდა ქალბატონი ქეთევანი, – ხოლო როცა გაიგო იმ ხალხის დაჭერის ამბავი, ვინც გაზეთში მასთან ერთად «დაამუშავეს», მან თქვა: – მე არაფრის მეშინია, ვინაიდან არავითარი დანაშაული არ მიმიძღვისო».

შევარდნაძე მალე დააპატიმრეს. დაპატიმრებისთანავე, მეტეხის იმჟამინდელი დირექტორის განკარგულებით, დიმიტრი შევარდნაძის არასამუზეუმო ფასეულობად მიჩნეული ნივთები მეტეხის ეზოში საჯაროდ დაწვეს. მუზეუმის იმდროინდელმა ახალგაზრდა სპეციალისტმა, ქეთევან ბაგრატიშვილმა შეძლო მოეპარა დასაწვავად გამზადებული ნივთების ნაწილი და გადაენახა.

დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის დეკემბერში დახვრიტეს.

ლავრენტი ბერია დახვრიტეს 1953 წელს.

დიტო შევარდნაძე რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ირაკლი მახარაძე – ჟურნალი “ისტორიანი”, 2014 წლის ოქტომბერი #10/46

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები