გამოფენა „ქართული ტიპოგრაფიკა და ორნამენტი პოსტერებში“ გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, 26 ნოემბერს „ავლაბრის არალეგალური სტამბის“ ტერიტორიაზე (ამჟამად ის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის) არსებულ სივრცეში გამოფენა „ქართული ტიპოგრაფიკა და ორნამენტი პოსტერებში“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე, რომელიც გამოფენისთვის უჩვეულო და საინტერესო სივრცეშია წარმოდგენილი, დამთვალიერებელი იხილავს როგორც სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ შექმნილ ორნამენტულ პოსტერებს, ისე პროფესიონალების მიერ შესრულებულ ტიპოგრაფიკის ნიმუშებს.
„საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს მუდმივმოქმედი ექსპოზიცია (თუნდაც ტიპოგრაფიის მუზეუმის სახით), სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ტიპოგრაფიკული საგანძურის – ბეჭდური და ხელნაკეთი მასალის, ასევე ისტორიული ტიპოგრაფიკული ლიტერების და სხვა სასტამბო მასალების ბაზის აკუმულირება და შენარჩუნება. არ არსებობს საქართველოს სტუმრებისათვის ეროვნული მემკვიდრეობის, მისი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის და მისი განვითარებისა და დღევანდელი მდგომარეობის თვალსაჩინოდ წარდგენის ადგილი.
გამოფენა „ქართული ტიპოგრაფიკა და ორნამენტი პოსტერებში“, რომელიც ყოფილი „ავლაბრის არალეგალური სტამბის“ ტერიტორიაზე მოეწყო, წარმოდგენილია როგორც ახალგაზრდა თაობის (სტუდენტების) ორნამენტული პოსტერები, ისე პროფესიონალების მიერ შესრულებული ტიპოგრაფიკის ნიმუშები.
მომავალში, წარმოდგენილი პოსტერები, წინა რამდენიმე ექსპოზიციასთან ერთად, სადაც გამოფენილი იყო ძველი ოსტატების ორიგინალი და ფონტად ქცეული შრიფტები, საბოლოოდ თავს მოიყრის ერთ კონკრეტულ სივრცეში (ტიპოგრაფიის მუზეუმში) და ამ კოლექციით ქვეყანას გაუჩნდება კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი უცხოელი დამთვალიერებლებისთვის“, – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო ჯიშკარიანმა.
გამოფენა 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.