ქართველი მაშველები, ფრანგი ექსპერტების დახმარებით, 4 დღის განმავლობაში კლდოვან კედელზე სამთო-სამაშველო და რეაგირების ტექნიკის გამოყენებაში ვარჯიშობდნენ
საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, 2022 წლის 14-დან 18 ნოემბრამდე, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რესპუბლიკური უსაფრთხოების ქვედანაყოფების შამონის სათხილამურო და ალპინიზმის ეროვნული სასწავლო ცენტრის (CNEAS) ორმა ექსპერტმა ჩაატარა სწავლება სამთო-სამაშველო საქმიანობის თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თხუთმეტმა მაშველმა.
თბილისის მაშველთა სასწავლო ცენტრში ჩატარებული სწავლების პირველი დღის დასრულების შემდეგ, რომელიც მიეძღვნა სამაშველო ტექნიკის თეორიულ პრეზენტაციას და შამონის CNEAS-ის მიერ საფრანგეთის მთებში განხორციელებულ სამაშველო ოპერაციებს, ორი ექსპერტი და საგანგებო სიტუაციების მართვის 15 თანამშრომელი გაემგზავრნენ კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ზამთრის კურორტ გუდაურში.
ექსპერტები და ქართველი მაშველები 4 დღის განმავლობაში ვარჯიშობდნენ კლდოვან კედელზე სამთო-სამაშველო და რეაგირების ტექნიკის გამოყენებაში. სწავლებამ დიდი მოწონება დაიმსახურა მონაწილეთა შორის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე უაღრესად სასარგებლოდ მიიჩნია ეს სწავლება, რადგან კავკასიონი ზაფხულშიც და ზამთარშიც ყოველწლიურად მასპინძლობს მთით გატაცებულ უამრავ ადამიანს, რომელთა შორის მუდმივად იზრდება უცხოელ ტურისტთა რაოდენობა.
მთის პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაზიარების გარდა, ფრანგ ექსპერტებს საშუალება მიეცათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნის საპასუხოდ, მოემზადებინათ რჩევები და რეკომენდაციები აღნიშნულ დარგში.