რუსუდან მეფის მმართველობის გაცოცხლებული ისტორია “ტაკარაძუკას” სცენაზე

იაპონიაში გაიმართა ცნობილი იაპონური თეატრალური დასის, “ტაკარაძუკას” წარმოდგენა, რომელიც საქართველოს ისტორიას, კერძოდ კი რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს ასახავს. მას საქართველოს ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა მეუღლესთან ერთად დაესწრო .

სპექტაკლში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის გარდა, შესანიშნავად არის წარმოდგენილი ქართული კულტურის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ეროვნული სამოსი, ქართული სიმღერა, ცეკვა და სხვ.

„აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბილეთების უმეტესობა თითქმის ყველა წარმოდგენაზე უკვე გაყიდულია.

მთლიანობაში იგეგმება 100-მდე წარმოდგენის გამართვა ქალაქ ტაკარაძუკასა და ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში. მაყურებელთა ჯამური  რაოდენობა კი სავარაუდოდ 250 ათასს გადააჭარბებს.

სცენარი ეფუძნება იაპონელი მწერლის, ნამიკი იოს მიერ მეცამეტე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს შესახებ დაწერილ რომანს.

აქვე ხაზგასასმელია, რომ საელჩო აქტიურად უჭერდა მხარს აღნიშნული პროექტის განხორციელებას. რომანს კი თან ერთვის ავტორის გასაუბრება საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ ლეჟავასთან და საელჩოს თანამშრომელთან, დავით გოგინაშვილთან, რომელიც მკითხველს საქართველოს ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა ნიუანსებს აცნობს“, – ნათქვამია იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები