კალიფორნიის შტატის ქალაქებში, დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და საქართველო-ამერიკის ბიზნესს საბჭოს ორგანიზებით, კალიფორნიის შტატის ქალაქებში, დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა.

რიგით მეხუთე ფორუმის  სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავის ფესტივალს“, ქართული ღვინის დეგუსტაციას და კონფერენციას, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში გაიმართა, მეცნიერების, ეკონომისტების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით.

კონფერენციის ფარგლებში, განხილული იყო ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინგული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობა, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პოლიტიკის საკვანძო ელემენტები და სხვა საკითხები. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ კონფერენციაზე ქართული ღვინის ინდუსტრიის არსებულ მდგომარეობაზე და განვითარების ხედვაზე ისაუბრა.

„საფერავის ფესტივალი“ ქალაქ სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოში გაიმართა და მას მასტერ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდა. მან ღონისძიების სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს და ღვინის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა კომპანიის წარმოებული საფერავის ღვინოები წარუდგინა.

ღონისძიების მიმართ ინტერესი დიდი აღმოჩნდა როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ღვინის პროფესიონალების, ეკონომისტების და მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები