სვანეთში ვიტორიო სელას ფოტოსურათების გამოფენა სახელწოდებით – „ვიტორიო სელა და სვანეთი“ მოეწყო
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში მოეწყო ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფისა და მთამსვლელის ვიტორიო სელას ფოტოსურათების გამოფენა სახელწოდებით – „ვიტორიო სელა და სვანეთი“.
ვიტორიო სელას (1859-1943) მიერ გადაღებული მთის ფოტოები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული ფოტოგრაფიის ამ მიმდინარეობაში. მას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის გეოგრაფიის, ალპინიზმისა და ფოტოგრაფიის განვითარებაში.
სელა დაიბადა ბიელაში, იტალიაში, ალპების მთისწინეთში. ფოტოგრაფია მამისგან, ჯუზეპე სელასგან შეისწავლა, ხოლო მთამსვლელობის ინტერესი ბიძამ, კიუნტინო სელამ, გამოჩენილმა მეცნიერმა და პოლიტიკოსმა, იტალიური ალპური კლუბის დამაარსებელმა გაუღვიძა. სელა ალპებში რამდენიმე მნიშვნელოვან მწვერვალზე ავიდა და მონაწილეობა მიიღო მრავალ ექსპედიციაში ოთხ კონტინენტზე, მათ შორის სამ ექსპედიციაში კავკასიონზე (1889, 1890, 1896). კავკასიის ექსპედიციების დროს გადაღებული ფოტომასალის დიდი ნაწილი სვანეთთან არის დაკავშირებული. თავის ჩანაწერებში სელა სვანებს თვითმყოფად, ამაყ და კეთილშობილ ადამიანებად მოიხსენიებს.
„სელას ფოტოების მაღალი ხარისხი როგორც ტექნიკური, ასევე მხატვრული თვალსაზრისით განპირობებული იყო მისი განსწავლულობით ალპინიზმსა და გეოგრაფიაში და 30 x 40 სმ. ფორმატის ფოტოფირების გამოყენებით, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული დიდი ზომის აღჭურვილობისა და მყიფე მინის ფოტოფირების მთებში და დიდ მანძილზე ტარების გამო.
ვიტორიო სელას ფოტომასალა, მათ შორის კავკასიური ექსპედიციების 800-მდე ნეგატივი, წერილები და დღიურები დაცულია სელას ფონდში (Fondazione Sella) ბიელაში და ალპური ფოტოგრაფიის ინსტიტუტში(Museo Nazionale della Montagna “Duca degli Abruzzi”) ტურინში.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მოხარულია ფართო საზოგადოებას კვლავ წარუდგინოს კავკასიონით, საქართველოს მრავალი კუთხითა და განსაკუთრებით სვანეთით აღტაცებული ვიტორიო სელას ფოტოსურათები”, – ნათქვამია სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.