თურქმენეთში ქართული გასტრონომიისა და ქართული ღვინის საღამო გაიმართა

2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს საელჩომ, აშხაბადის მაღალი სამზარეულოს (Fine Dining) რესტორან „საფრანთან“ თანამშრომლობით, საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართული გასტრონომიისა და ქართული ღვინის საღამო გამართა.

საერთაშორისო გამოცდილების მქონე შეფმზარეულმა სტუმრებს,  წარუდგინა ქართული სამზარეულოს საავტორო კერძები, მათ საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული კულინარიისა და მეღვინეობის ისტორიასა და დღევანდელობას, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები და ადგილზე თვალყური ედევნებინათ კერძების მომზადების პროცესისთვის. ქართული გასტრონომიული კულტურისა და ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო ქართული კუთხე.

„საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე საბიაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართული სამზარეულოსა და ქართული ღვინის მდიდარ ისტორიულ ტრადიციებს. ისაუბრა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე, შავი ზღვა – კასპიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

თურქმენეთში აკრედიტებულმა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა ასევე გამოხატეს ქართული კულტურისა და სამზარეულოს მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე, მადლობა გადაუხადეს თურქმენეთში საქართველოს საელჩოს საღამოს ორგანიზებისათვის”, – ნათქვამია თურქმენეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები