ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

„ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია სავიზო განაცხადების გასაკეთებლად დეკემბერსა და იანვარში დაიწყება სამშაბათს, 22 ნოემბერს, დღის 12:00-ზე.

რეგისტრაცია წარიმართება ონლაინ სარეგისტრაციო პლატფორმა Konsreg-ის საშუალებით. 22 ნოემბრის დღის 12:00 -მდე შესაძლებელია პლატფორმაზე ტესტირებისა და დიაგნოსტიკისთვის გამოჩნდეს რამდენიმე თავისუფალი რიცხვი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 12:00-მდე გაკეთებული ნებისმიერი რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება და მხოლოდ დღის 12:00-იდან რეგისტრირებული პირები შეძლებენ განაცხადების წარდგენას.

პლატფორმაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ენიდან ერთ-ერთი და სარეგისტრაციო გრაფა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემებით. თავისუფალი თარიღები გამოჩნდება მწვანე ფერით, ხოლო შევსებული თარიღები წითელი ფერით. ერთი ელფოსტით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება, ასევე ერთი IP მისამართით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება. წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში პლატფორმა არჩეულ ენაზე გიჩვენებთ შეტყობინებას, რომ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაციის ბოლოს პლატფორმა არ გიჩვენებთ მსგავს შეტყობინებას, ნიშნავს, რომ ვერ დარეგისტრირდით და შეგიძლიათ სცადოთ ხელახლა.

რეგისტრაციის გავლის შემდგომ აუცილებლად შეამოწმეთ თქვენ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული ელფოსტა, რადგან სისტემამ შესაძლოა ელფოსტის საშუალებით მოგთხოვოთ რეგისტრაციის დამატებით დადასტურება გამოგზავნილ ბმულზე გადასვლით, რაც რეგისტრაციიდან მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება. თუ მსგავსი ელფოსტა არ მოგივათ, ნიშნავს, რომ დამატებით რაიმეს გაკეთება საჭირო არ არის.

გაითვალისწინეთ, რომ საელჩოს ელფოსტით ან ტელეფონით დროულად უნდა შეატყობინოთ რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებული ცვლილებების შესახებ (მაგალითად ვიზიტის გაუქმების შესახებ).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო განაცხადის წარდგენის მსურველთა რაოდენობა სავარაუდოდ კვლავაც მაღალი იქნება და ხელმისაწვდომი ადგილები სწრაფად შეივსება.

ასევე გაცნობებთ, რომ სარეგისტრაციო სიაში 22 ნოემბრის შემდგომ შეტანილი ცვლილებები არ იქნება გათვალისწინებული და განმცხადებლების მიღება მოხდება მხოლოდ 22 ნოემბერს შედგენილი სარეგისტრაციო სიით.

ლიეტუვაში მძღოლის სამუშაოს შესასრულებლად მიმავალმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე წლიური კვოტა ამოწურულია და საელჩოში შემოსვლისას უნდა წარადგინონ შრომის ნებართვა ლიეტუვის შრომის ბირჟიდან.

საკონსულო განყოფილების გამოცდილების მიხედვით, სავიზო მოსაკრებლის გადახდა ვერ ხერხდება საქართველოს ბანკის პლუს ბარათით, შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაა სავიზო მოსაკრებელი გადაიხადოთ ნებისმიერი სხვა საბანკო ბარათით“, – ნათქვამია ლიეტუვის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები