მარიბორის კულტურულ ცენტრში საქართველოსა და ქვევრის ღვინის შესახებ სლოვენიური დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

ქ. მარიბორის მერის ალექსანდრე არსენოვიჩისა და საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, მარიბორის კულტურულ ცენტრში გაიმართა საქართველოსა და ქვევრის ღვინის შესახებ სლოვენიური დოკუმენტური ფილმის „Call it Amber Wine Documentary“ პრემიერა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია გადამღებ ჯგუფთან, რომელსაც უძღვებოდა სლოვენიაში პოპულარული ტელეწამყვანი და საქართველოს შესახებ კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმის ავტორი, ქ-ნი მოიცა მავეცი.

„ფილმის განხილვის შემდეგ მარიბორის ღვინის მუზეუმში გაიმართა მიღება მოწვეული სტუმრებისა და მაყურებლებისათვის, რომლებსაც მიმართეს საქართველოს ელჩმა და მარიბორის მერმა. მიღებაზე საელჩოს მიერ წარმოდგენილი იყო ქართული ქვევრის ღვინო. ღონისძიებას, რომელსაც ესწრებოდნენ სლოვენიის ღვინის ბიზნესისა და კულტურული სფეროს წარმომადგენლები, გაშუქდა სლოვენიური ტელევიზიით.

საელჩოს ხელშეწყობით ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოში, გადამღებ ჯგუფს კი მასპინძლობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად), რისთვისაც მათ მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ დიდი მადლიერების გრძნობას. მ.წ. ზაფხულში ფილმის პრემიერა გაიმართა სლოვენიის უდიდეს საპორტო და იტალიასთან მოსაზღვრე ქალაქ კოპერში. მიღებული გამოხმაურებების შედეგად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მარიბორში, ისე კოპერში აღნიშნული ფილმის ჩვენება წარმოადგენდა საქართველოსა და ქართული (ქვევრის) ღვინის საუკეთესო პოპულარიზაციას სლოვენიაში.

ფილმის ავტორების სურვილია მისი პრემიერა მოეწყოს თბილისშიც (სავარაუდოდ, საქართველოში გამართული ღვინის ფესტივალის ჩარჩოებში, 2023 წელს), რომლის შემდეგაც ფილმის ავტორები მზადყოფნას გამოთქვამენ ფილმის ჩვენება უზრუნველყოფილ იქნეს ქართულ ტელეარხებზეც“, – ნათქვამია სლოვენიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები