დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი კონსერვატორიაში მასტერკლასს ჩაატარებს

10 ნოემბერს, 12:00 საათზე, დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი  (გერმანია) კონსერვატორიაში მასტერკლასს ჩაატარებს.

კორნელია ფონ კერსენბროკი სადირიჟორო ოსტატობას ზალცბურგის „მოცარტეუმში“, ფრაიბურგის მუსიკის აკადემიასა და სიენას კიჯის მუსიკის აკადემიაში ეუფლებოდა. 1995 – 96 წლებში მას ვენის კულტურის სამინისტროს საპატიო ჯილდო, 2004 წელს კი „ზონტას მუსიკალური ჯილდო“ (გერმანია) მიენიჭა. სპეციალურ პროგრამაში “Dirigentenforum” ჩართვის შემდეგ, 2004 წელს, კორნელია მოხვდა იმ არტისტთა რიცხვში რომელთაც “Maestro von Morgen” – „ხვალინდელი დღის მაესტრო“ ეწოდებათ. 2004 წლიდან ის არის გუთ–იმლინგის ყოველწლიური საოპერო ფესტივალის (“Opernfestival Gut Immling”) მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მის რეპერტუარშია ვივალდის, ჰენდელის, მოცარტის, პუჩინის, ვაგნერისა და ვერდის ქმნილებები. როგორც ძველი მუსიკის მკვლევარი და სპეციალისტი, ის არაერთი საპრემიერო შესრულების ავტორია. თანამშრომლობს რამდენიმე ბაროკო ანსამბლთან, მათ შორისაა ფრაიბურგის ძველი მუსიკის ანსამბლი „La Beata Olanda“ და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. 1999 წელს ჰალეში, ძველი მუსიკის ფესტივალზე – ”Handel Festival” კორნელიამ ჰენდელის სპეციალური პრიზი მოიპოვა.

ფრანკფურტში, შტუტგარტსა და კარლსრუეში მას საოპერო დადგმები აქვს განხორციელებული: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის (ავსტრია 1756 – 1791) ”Die Entführung aus dem Serail”, ჯაკომო პუჩინის (იტალია 1858–1924) ”Tosca” და სხვა. თანამშრომლობს: მიუნჰენისა და ჰამბურგის სიმფონიურ ორკესტრებთან, ჰანოვერის რადიო – ფილარმონიულ ორკესტრთან, ასევე, იტალიის, კანადის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, სერბეთის, ჩინეთის, ყატარის, უკრაინის და საქართველოს ორკესტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები