ავსტრიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი მიხეილ მენაბდე შვეიცარიაში კონცერტს გამართავს

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი მიხეილ მენაბდე შვეიცარიაში კონცერტს გამართავს. მიხეილ მენაბდემ პროექტი IM SPIEGEL რამდენიმე თვის წინ ჩაიფიქრა და ის შვეიცარიელი და უკრაინელი კომპოზიტორების მუსიკას მოიცავს და 7 კონცერტისგან შედგება. საუბარია კომპოზიტორებზე (გარდა ვალენტინ სილვესტროვისა), რომელთა ნამუშევრები, სხვა ქვეყნების არტისტებთან შედარებით, იშვიათად სრულდება მსოფლიო სცენაზე. რა პროექტზეა საუბარი, ვინ მონაწილეობს მასში, რას შესთავაზებენ მსმენელს და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი განხორციელება, ამაზე თავად მიხეილ მენაბდე გვესაუბრება.

მიხეილ მენაბდე: “პროექტი ორი თანამედროვე კომპოზიტორის ვალენტინ სილვესტროვის 85 წლის (კიევი) და ალფონს კარლ ცვიკერის 70 წლის (სანკტ გალენი Sankt Gallen)იუბილეს  ეძღვნება და ის შვიდ კონცერტს მოიცავს.  მათგან სამი  უკვე შესრულდა LOKREMISE KULTURZENTRUM ST.GALLEN- ში, ერთი Tonhalle St. Gallen-ში, ერთი კიევში  უკრაინის ეროვნული ფილარმონიის  აკადემიური სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით.

ვინაიდან პროექტის დაახლოებით სამი მეოთხედი თანამედროვე უკრაინული აკადემიური მუსიკისგან შედგება, ჩვენ უკრაინის კულტურული ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი გვქონდა, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მათ შეწყვიტეს არსებობა, თუმცა, ჩვენ მაინც გავაგრძელეთ მუშაობა და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. უფრო მეტიც, ჩვენ განვიხილავთ ჩვენს კონცერტებს, როგორც #StayWithUkraine ჰუმანიტარულ პლატფორმას. ბილეთების გაყიდვისას მიღებული მთელი შემოსავალი, გროვდება და უკრაინაში ირიცხება.

ჩვენ მზად ვართ ადავპტირდეთ ამ სიტუაციასთან და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ უკრაინელი მუსიკოსები დასავლეთ ევროპაში მცხოვრები მაღალი დონის უკრაინელი მუსიკოსებით. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შევძელით უკრაინიდან ყველა იმ მუსიკოსის ჩამოყვანა ვისი მონაწილეობაც იმთავითვე იყო დაგეგმილი.  ეს არის პირველი პროექტი ევროპაში, რომელიც ერთ ქალაქში საუკეთესო თანამედროვე უკრაინელი კომპოზიტორების ნამუშევრებს ასე სრულყოფილად წარმოადგენს.

რამდენი კონცერტი ჩატარდა?

-7კონცერტიდან 5 კონცერტი უკვე ჩატარდა, ერთი თვის წინ მე-5 კონცერტს კიევმა უმასპინძლა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ მე მჭიდროდ ვარ დაკავშირებული უკრაინასთან, იქ მივიღე განათლება, იქ დავეუფლე დირიჟორის პროფესია, გავიცანი მომავალი მეუღლე და შევქმენი ოჯახი. 10 წელი ვცხოვრობდი კიევში… იქ ბევრი ჩემი კოლეგა და მეგობარია და ჩემს მოვალეობად მიმაჩნდა მათი მხარდაჭერა ამ საშინელ ომში, სხვაგვარად არ შემეძლო.

-24 ოქტომბერს, შვეიცარიაში თქვენ მე-6 კონცერტს წარადგენთ, გვიამბეთ ცოტა რამ მის შესახებ

-ვალენტინ სილვესტროვის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მე-6 კონცერტისთვის MUSIC OF POETRY  ჩვენ შევარჩიეთ ნაწარმოები, რომელიც თავად კომპოზიტორის უნიკალურ მუსიკალურ პორტრეტს წარმოადგენს. „პოეზიის მუსიკას“ ციურიხის ცნობილი გრინგოლტსის კვარტეტი შეასრულებს (სპეციალურად კიევიდან ჩამოგვყავს მეცო-სოპრანო და პანისტი), კონცერტს კი თავად  ვალენტინ სილვესტროვი დაასრულებს.

პროგრამა ასეთი გახლავთ:

ვალენტინ სილვესტროვი – სიმებიანი კვარტეტი No1 (1974) ხანგრძლივობა: ’25

ვალენტინ სილვესტროვი – პოეზიის მუსიკა (2014-2021) მეცო-სოპრანოსთვის და ფორტეპიანოსთვის ხანგრძლივობა: ’25

Valentin Silvestrov Bagatelle (2005-2018) ხანგრძლივობა: ’15

შემსრულებლები

გრინგოლტსის სიმებიანი კვარტეტი, ინა გალატენკოს ვოკალი, ოლეგ ბეზბოროდკოს ფორტეპიანო, ვალენტინ სილვესტროვის ფორტეპიანო.

და დარჩება 1 კონცერტი, რომელსაც უახლოეს მომავალში გამართავთ…

-დიახ, ბოლო  კონცერტი 6 დეკემბერს ისევ შვეიცარიაში, ასევე Tonhalle St. Gallen-ში გაიმართება შვეიცარიელი და უკრაინელი მუსიკოსების მონაწილეობით, სადაც ალფონს კარლ ცვიკერის მუსიკა დაასრულებს ციკლს.

წარმატებას გისურვეთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე საქართველოსაც ეწვევით მსგავსი პროექტებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები