სოფელ ირში სამეცნიერო წრეებისთვის დღემდე უცნობი ლაპიდარული წარწერა აღმოაჩინეს
ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა და ვოლონტერებმა, 13 ოქტომბერს მორიგი ექსპედიცია განახორციელეს სოფელ ირში, რა დროსაც დადასტურდა სამეცნიერო წრეებისთვის დღემდე უცნობი ლაპიდარული წარწერა. კერძოდ, „ძელი ჭეშმარიტის“ სამლოცველოში განთავსებულ, X საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ ქვის კანკელის ფილაზე გამოსახული რელიეფური ჯვრის განივი მკლავების ქვემოთ, თავისუფალ არეებზე ამოკაწრულია დაქარაგმებული ნუსხა-ხუცური წარწერა: ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ეფრე(მ)ი.
აღნიშნული წარწერა შეისწავლა და მისი პირი გადმოიღო მუზეუმის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა დავით ჯაფარიძემ, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით X-XI საუკუნეებით განსაზღვრა.
„საგულისხმოა, რომ ხსენებული კანკელის ფილა არაერთი მკვლევრის (გ. ბოჭორიძე, რ. მეფისაშვილი, ვ. ცინცაძე და სხვა) ნაშრომში გვხვდება, თუმცა, არცერთი ავტორი არ აფიქსირებს მასზე არსებულ წარწერას.
ასევე აღვნიშნავთ, რომ თანადროულ ქართულ კანკელებს (პიპილეთი, ჩორდი, ფოთოლეთი, ხაშური, მცხეთა და სხვა) შორის, ირის კანკელის ფილა ერთ-ერთ გამორჩეულ და მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებულ ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც ამჟამად ძლიერ დაზიანებულია და გადაუდებლად საჭიროებს კონსერვაციას და შესაფერის პირობებში დაცულობას“, – ნათქვამია ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.