ბრაზილიაში ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ბრაზილიაში, ონლაინ პლატფორმაზე Belas Artes À LA CARTE გაიმართება ქართული კინოს რეტროსპექტივა სახელწოდებით: „მსოფლიოს გარშემო – საქართველო“.
მათი თქმით, რეტროსპექტივის ფოკუსში გამორჩეული ქართველი რეჟისორის – ელდარ შენგელაიას შემოქმედებაა. ბრაზილიელი მაყურებელი მის ორ ფილმს „შერეკილებს“ და „თეთრ ქარავანს“ იხილავს. ასევე, მაყურებელი გაეცნობა საინტერესო ისტორიებს კინორეჟისორის შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან.
ელდარ შენგელაიას ფილმებთან ერთად, რეტროსპექტივის პროგრამაშია:
„პირველი მერცხალი“- რეჟისორი ნანა მჭედლიძე
„გაიღიმეთ“ – რეჟისორი რუსუდან ჭყონია
„უარყოფითი რიცხვები“ – რეჟისორი უტა ბერია
„შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი
„სიმინდის კუნძული“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმების ონლაინ პლატფორმაზე განთავსებამდე 2 დღით ადრე, რეტროსპექტივას გახსნის რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“. ფილმის ჩვენება შედგება ქალაქ სან-პაულუში, კინოთეატრში „Belas Artes“.