საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“ პირველი სასწავლო წელი გაიხსნა

2022 წლის 26 სექტემბერს საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტის “პატრიოტი დიასპორელი” პირველი სასწავლო წელი  იმერეთიდან გაიხსნა

2022-23 სასწავლო წლის პირველი პატრიოტი დიასპორელები საბერძნეთიდან ქ. წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში დაესწრებიან გაკვეთილებს. დღეს მათ მასპინძლობს მათ მიერ არჩეული სკოლა და იმერეთი. ღონისძიების ფარგლებში პატრიოტი დიასპორელები მიწვეულ იყვნენ  ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში. მათ ასევე დაათვალიერეს თეთრას მღვიმე.

წყალტუბოს ოტია იოსელიანის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით, პატრიოტი დიასპორელის პირველი სასწავლო წლის საზეიმო გახსნა წარიმართა მოტივით „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“.  დიასპორელ ბავშვებს გადაეცათ პატრიოტი დიასპორელის სერტიფიკატები, ხოლო ქ. წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლას – პატრიოტი სკოლის ტიტული, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ხელს აწერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გახსნის ცერემონიაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი გენადი ბალანჩივაძე გამოვიდა ინიციატივით დააფინანსოს 4 პატრიოტი დიასპორელის მგზავრობა საქართველოში.

პროექტს ფინანსურად უზრუნველყოფს ნინო ციბაძისა და გიორგი მჭედლიშვილის ოჯახი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებსა და პატრიოტ დიასპორელებს ონლაინ ჩართვით გერმანიიდან მიესალმა პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ნინო ციბაძე.

პროექტი „პატრიოტი დიასპორელი“ ითვალისწინებს ქართული წარმოშობის საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორელი მოზარდების სამშობლოში ვიზიტის პერიოდში საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას მათთვის  ხელსაყრელ კალენდარულ დღეებში.

პროექტის მიზანია: დიასპორელმა მოზარდებმა შეიქმნან საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე უკეთ შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის ისტორია, მენტალურად უფრო დაუახლოვდნენ სამშობლოს, შეინარჩუნონ კავშირი საქართველოსთან და თავიანთ ქვეყნებში ხელი შეუწყონ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას..

პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორია  გერმანიის მოქალაქე ქართველი, ნინო ციბაძე, რომელმაც  მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ა(ა)იპ ფონდის „საქართველოს ემიგრანტები“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  წარმატებით განახორციელა აღნიშნული პროექტი საპილოტე რეჟიმში, რომელიც თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიმდინარე წლის 13 აპრილს გაიხსნა.

პროექტში მონაწილეობა დიასპორელებისთვის უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები