ანა ჯიშკარიანი – „მომავალში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების გამოყენებას, წინსვლას და განვითარებას შევძლებ…“
დღეს ანა ჯიშკარიანი გვინდა გაგაცნოთ. მან ამსტერდამის უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესს ადმინისტრირების პროგრამაზე სწავლა 2021 წელს დაიწყო. 80%-იანი, ყველაზე მაღალი დაფინანსების მოპოვება შეძლო და საცხოვრებლად ნიდერლანდებში გადავიდა. მანამდე დამთავრებული ჰქონდა საერთაშორისო „ახალი სკოლა“, რომელმაც, როგორც თავად გვითხრა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. ასევე შვეიცარიაში, მსოფლიოს ერთ–ერთ წამყვან უნივერსიტეტში სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტზე სწავლობდა, შესაბამისად ახალ, საერთაშორისო გარემოსთან ადაპტირება არ გასჭირვებია.
ანა ჯიშკარიანი: – ამსტერდამში ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი, თუ რამდენ მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს ეს ქვეყანა ახალგაზრდებს, შესაბამისად ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ამაღლდა, და სწავლასთან ერთად, მეოთხე უცხო ენის, ნიდერლანდურის შესწავლაც გადავწყვიტე. რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ აუცილებლად მინდოდა ჩემ მიერ შერჩეული განხრით პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო და ჩემს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამომეყენებინა. სწორედ ამიტომ დავიწყე არაანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგისა და ღონისძიებების (ეგრეთ წოდებული „ივენთ მენეჯმენტის“) დეპარტამენტში. კომპანია, სახელად „ტულუ“ ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც ამჟამად 5-ზე მეტ ქვეყანაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ისრაელში და გერმანიაში ოპერირებს. კომპანიის საქმიანობა მდგომარეობს შემდეგში: საცხოვრებელ კორპუსებში, სერვისის სახით დამონტაჟებულია სპეციალური განყოფილება, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები. კორპუსის მცხოვრებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ნივთი აპლიკაციის საშუალებით სიმბოლურ, მინიმალურ ფასად, სასურველი დროით იქირაონ. ბიზნესს გეგმა ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის მოდელს, და მისი მთავარი მიზანია მოუწოდოს მომხმარებლებს ნივთების ხელახალი, მუდმივი გამოყენებისა და გაზიარებისკენ. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ახლახან 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა. ინვესტორებს შორის გახლავთ ლეონარდო დიკაპრიოც.
– როგორც ვიცი სტაჟირება დაასრულეთ და უკვე კომპანიის სრულუფლებიანი წევრი ხართ…
– 6 თვიანი სტაჟირების შემდეგ, მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტს ოფიციალურად შევუერთდი. ერთ თვეში კი დამაწინაურეს და მომხმარებელთან ურთიერთობისა და მართვის დეპარტამენტი ჩამაბარეს ევროპასა და დიდ ბრიტანეთში. ყოველდღიურად ასობით მომხმარებელთან მაქვს კონტაქტი, შემდეგ ხდება უკუკავშირის სტატისტიკური ანალიზი, შესაბამისად კი ახალი სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა. რამდენიმე კვირის წინ უშუალოდ კომპანიის დამფუძნებლებთან მქონდა პირადი შეხვედრა, სადაც კომპანიის და კომპანიაში პირადად ჩემს სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ჩამაბარეს ამსტერდამში სტარტაპის ყველა ღონისძიების ორგანიზება და მართვა. რამდენიმე თვეში კი ჩემს პასუხისმგებლობებს ევროპის მასშტაბით სტაჟიორების აყვანა, დატრენინგება და მართვაც დაემატება. განსაკუთრებით ვამაყობ, რომ ისეთ კომპანიაში ვმუშაობ, რომელიც მდგრადი განვითრებისა და გარემოს დაცვისკენაა ორიენტირებული.
– ალბათ, რთულია სწავლის და ასეთი სამსახურის შეთავსება…
– სწავლის და სამსახურის დაბალანსება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, თუმცა ჯერჯერობით ამას წარმატებით ვახერხებ. საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა და ჩემი მშობლების სახით ორი, ჩემს თვალში ყველაზე წარმატებული ადამიანის მაგალითი მაქვს. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციის წყაროა და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების გამოყენებას, წინსვლას და განვითარებას შევძლებ.