„ალბათ რა მოსაწყენია ცხოვრება მათთვის, ვინც არ ცეკვავს”

ცეკვა ბავშვობიდან იყო მისი სტიქია, რაც თავი ახსოვს მუსიკას გულგრილად ვერ უსმენდა და როგორც შეეძლო ცეკვავდა. როდესაც ცეკვის წრეზე შეიყვანეს ძალიან მალე დაიხვეწა. 14 წლის იყო როცა  ,,სამაიას” შესრულებისთვის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს. დროთა განმავლობაში ბევრი დიპლომი და სიგელი დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, როცა არჩევანზე მიდგა საქმე, პროფესიად ფრანგული ენა აირჩია. თუმცა გავიდა დრო, ბუნებამ თავისი გაიტანა და ისევ სცენაზე გავიდა. მაყურებელს ამჯერადაც დაამახსოვრა თავი.

საუბარია ცნობილ მოცეკვავესა და ქორეოგრაფ თინა ცხაკაიაზე. თავდაპირველად ხელმძღვანელობდა პროფკავშირების სასახლესთან არსებულ სტუდიას, სადაც ისეთი პედაგოგები მიიწვია, როგორებიც იყვნენ: საქართველოს სახალხო არტისტები: იამზე დოლაბერიძე და მანანა აბაზაძე, ასევე გამოცდილი მოცეკვავეები მარინა ჯალაღანია და თენგიზ ჯავახიშვილი. ამის შემდეგ ანსამბლ „ნინოს“ ხელმძღვანელი გახდა. 1987 წელს ანსამბლს სახალხოს წოდება მიენიჭა, გახდა საერთაშორისო ხალხური ფოლკლორის ფესტივალის ლაურეატი და მრავალი სიგელი და დიპლომის მფლობელი. დღეს ეს ანსამბლი თავისი არსებობის 35 წელს ითვლის. ქალბატონი თინა კი მეოთხე თაობის მოცეკვავეებს ზრდის. 20 სექტემბერს მისი დაბადების დღეა. 

– ქალბატონო თინა, ვიცი, რომ თქვენი ბავშვობა თბილისურ კოლორიტულ უბანში, სოლოლაკში გაატარეთ და გამორჩეული სამეზობლო გყავდათ…

– დიახ, ასე იყო. დავიბადე და გავიზარდე სოლოლაკში, ძველ თბილისურ ეზოში, სადაც არაჩვეულებრივ გარემოში სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა მქონდა. მეზობლები კალათბურთს, ჭადრაკს, ნარდს, დომინოსა და ლოტოს თამაშობდნენ. დღესასწაულებზე კი მღეროდნენ და ცეკვავდნენ. დიასახლისები გემრიელ კერძებს ამზადებდნენ, ცხობა უყვარდათ და ამის გამო ეზოში ნამცხვრების სურნელი იდგა ხოლმე. შემოდგომის მიწურულს ბევრი მათგანი მურაბას ხარშავდა და მატყლს წეწავდა. ეს ყველაფერი კინო-ფილმის კადრებივით მიდგას თვალწინ…

– კინოს რაც შეეხება, თქვენს სამეზობლოში ბევრს ჰქონდა ქართულ კინოსთან შეხება, ვის გაიხსენებდით?

– დავიწყებ იმით, რომ ჩვენს ეზოში ცხოვრობდნენ ლეგენდარული მსახიობი თენგიზ არჩვაძე, ნელი და ვასიკო ფილიშვილები. ვასიკო კინო-ფილმში „ნინო” პატარა ძმის როლს ასრულებდა. ასევე მახსოვს ულამაზესი ქალბატონი ჰერა გოცირიძე, არქიტექტორ-დიზაინერის, ლევან თურმანიძის მეუღლე. ბატონი ლევანიც გადაღებული იყო ქართულ ფილმში „ძმა”. ქალბატონი ჰერა ცნობილი მსახიობის, ზურაბ ყიფშიძის სიდედრი გახლავთ. ჩვენს ეზოში ასევე ბრწყინვალე ძმები გაგუებიც ბინადრობდნენ. რიჩარდი – დიდებული ჟურნალისტი გახლდათ, მელბარი –  ფიზიკა-მათემატიკის დარგში აკადემიკოსი, აივენგო გაგუაც ფიზიკა – მათემატიკოსი იყო. ორივეს ძმას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГУ) ჰქონდა დამთავრებული. საშუალო განათლება მივიღე 39-ე საშუალო სკოლაში, რომლის დირექტორიც, დიდებული პიროვნება, ბატონი ვარლამ თავაძე გახლდათ. შესანიშნავი კლასელები მყავდა, ასე რომ, ბავშვობის დრო ლამაზი ზღაპარივით მახსენდება.

– იმ ლამაზი ზღაპრის ნაწილი იყო თქვენი ოჯახიც, მოგვიყევით ოჯახის წევრებზე…

– მამა, აკაკი ცხაკაია, პროფესიით ისტორიკოსი იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მეორე სამამულო ომში, ფრონტზე წავიდა. ოფიცერი, ასეულის მეთაური იყო და იბრძოდა ქერჩში, სადაც მძიმედ დაიჭრა და ცალი ფეხი დაკარგა, რისთვისაც მეორე ჯგუფის ინვალიდობა მიანიჭეს.  ის ბევრი ორდენითა და მედლით იყო დაჯილდოებული. ძალიან უნდოდა პროფესიით ემუშავა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, მისი ოცნება ჩემმა უფროსმა დამ, ნანამ აუხდინა. მან  თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა და მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მიუძღვნა. დედა, თამარ ჯიქია, თბილისში დაიბადა და გაიზარდა. სილამაზით და კდემამოსილებით გამორჩეულს ძალიან სათნო და კეთილი ხასიათი ჰქონდა. მძიმე ბავშვობა გამოიარა. 1937 წელს, რეპრესიების დროს მას მამა დაუხვრიტეს. 16 წლის ასაკში მოუწია გათხოვება, ოთხი შვილი გააჩინა და მთელი თავისი ცხოვრება ოჯახს ემსახურა. დედას მუსიკაც უყვარდა, მახსოვს როგორ კარგად უკრავდა და მღეროდა გიტარაზე. დის გარდა ორი ძმა მყავდა,  უფროსი ვაჟა, მშენებელ-ინჟინერი იყო, პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა და შინაგანი ჯარების სამმართველოს უფროსი გახლდათ. უკვე სამი წელია აღარ მყავს. უმცროსი ძმა, აკაკი ცხაკაია, თბილისში მუშაობს, პროფესიით ექიმი თერაპევტია. აი, ასეთ ოჯახში გავიზარდე.

– თავად ფრანგული ენის სპეციალისტი ხართ, რამ განაპირობა ეს არჩევანი?

– ფრანგული ენის სწავლა მეოთხე კლასიდან დავიწყე, ადვილად ვითვისებდი და ძალიან მომწონდა. ჩემი მასწავლებელი ქეთევან ანთაძე  ულამაზესი და უკეთილშობილესი არსება გახლდათ. დაოჯახებული არ იყო, ამიტომ მთელ თავის ენერგიასა და სიყვარულს მოსწავლეებს გადასცემდა. მე განსაკუთრებულად ვუყვარდი. დღესაც მახსოვს გაკვეთილი, რომელზედაც ნასწავლი წინადადება – Le ver vert va vers le ver vert- ანუ მწვანე ჭიქა მიდის მწვანე ჭიქისკენ ჟღერადობით ძალიან მომეწონა, კარგად წარმოვთქვი და მასწავლებელმაც შემაქო. ამ დღიდან მოყოლებული მასწავლებელიც და ფრანგული ენაც ძალიან შემიყვარდა. ჩემზე ზრუნვა ქალბატონმა ქეთევანმა სკოლის დამთავრების შემდეგაც გააგრძელა. როცა უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე შემატანინა საბუთები და გვერდიდან არ მომცილებია. როცა ჩავირიცხე ძალიან გაუხარდა და დედას უთხრა: ფრანგულიც ისწავლოს და ცეკვასაც ნუ დაუშლითო!

– პირველად ვინ მიგიყვანათ ცეკვაზე?

– იცოდა რა ცეკვისადმი ჩემი სიყვარული, მამიდამ, თამარ ქაჯაიამ პიონერთა სასახლეში ბრწყინვალე პიროვნებისა და ქორეოგრაფის,  რომან ჭოხონელიძის კლასში მიმიყვანა. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ბავშვობის ულამაზესი და ბედნიერი ხანა. ცეკვას დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე.

– ბატონ რომან ჭოხონელიძესთან და ცეკვასთან ურთიერთობა სტუდენტობის დროსაც გააგრძელეთ, რას და ვის გაიხსენებდით იმ დროიდან?

– იმ დროს ბატონმა რომანმა კულტურის სამინისტროსთან ჩამოაყალიბა თავისი ანსამბლი და გოგონებს ხელფასებიც დაგვინიშნა, მაშინ 70 მანეთი სტუდენტისთვის ძალიან კარგი თანხა იყო. მართალია, იმ ანსამბლს არსებობის ხანმოკლე ისტორია ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც მოვასწარით რიგაში, გასტროლებზე გამგზავრება. ეს იყო ჩვენი პირველი მოგზაურობა საქართველოს გარეთ. შემდეგ ამავე კოლექტივის ბაზაზე მან თბილისის უნივერსიტეტში შექმნა ქორეოგრაფიული დასი, რომელიც უნივერსიტეტის თვითშემოქმედებაში ორგანულად ჩაჯდა. მასში შედიოდა სტუდენტების სიმფონიური ორკესტრი, ბიჭების ტრიო, გოგონების კვარტეტი და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. სხვათა შორის, სტუდენტურ ანსამბლში ცეკვავდა ნინა დიდებულიძე, შემდგომში, დიდი თეატრის სოლისტის, ნიკოლოზ ცისკარიძის პედაგოგი. იმ ანსამბლში დაიწყეს სიმღერა ეთერ კაკულიამ, თემურ ცაგურიამ, ნიკო ჯადუგიშვილმა და სხვებმა. ჩვენს თვითმოქმედებას ჰყავდა დამდგმელი რეჟისორი, ნოდარ ჩხეიძე, აწ განსვენებული, გენიალური რეჟისორის, თემურ ჩხეიძის მამა. მას დღემდე დიდი სიყვარულითა  და პატივისცემით ვიხსენებ. ადმინისტრაციულ საქმეებს განაგებდა უნივერსიტეტის პროფკავშირების წარმომადგენელი როლანდ ძოწენიძე. ჩვენმა სტუდენტურმა ანსამბლმა წარმატებით მოიარა ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხოსლოვაკია და მოსკოვი. 60-იანი წლების ბოლოს საქართველოს აკადემიურ ანსამბლში მიმიღეს მოცეკვავედ, მაგრამ იქ დიდი ხანი არ გავჩერებულვარ. ყველაზე მეტად მეხსიერებაში ამ ანსამბლის გრანდიოზულ საიუბილეო კონცერტში მონაწილეობა დამამახსოვრდა.

– პროფკავშირების სასახლეში ცეკვის სტუდიის ხელმძღვანელად როდის დაინიშნეთ?

– საქართველოს პროფკავშირების სასახლეში როგორც ფრანგული ენის სპეციალისტმა დავიწყე მუშაობა, ბავშვებს ვასწავლიდი. ახალგაზრდა ვიყავი, ვგრძნობდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. იმ დროს დავიწყე ღონისძიებების ორგანიზება – ჩატარება. ცნობილ მწერლებს, მომღერლებს, მსახიობებს შემოქმედებით საღამოებს ვუწყობდი. მათ შორის გავიხსენებ: ჯანსუღ ჩარკვიანის, მედეა ძიძიგურის, ირმა სოხაძის საღამოებს. ხელმძღვანელობა მათ უწყობდა პატარა წვეულებებს, რომლის დროსაც თანამშრომლებმა ჩემი ცეკვის ნიჭი აღმოაჩინეს. ქალბატონი ნელი გოგორელიანი წინადადებით შემოვიდა, რომ პროფკავშირების სასახლეში ცეკვის სტუდია გაეხსნათ. სასახლის ხელმძღვანელობამ მისი შემოთავაზება მოიწონა და სტუდიის ხელმძღვანელად მე დამნიშნეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! დასაწყისში 7-8 წლის ბავშვებს ვიღებდით, მერე უფრო პატარებიც მოდიოდნენ. ნელ-ნელა სტუდიაში მოვიდნენ: ჩემი ორი ვაჟი, ირაკლი და გიორგი, მეზობლების, მეგობრების, ამხანაგების შვილები და ჩვენი სტუდიაც გაფართოვდა. სხვათა შორის ჩვენთან, რაღაც პერიოდი, იოსებ სტალინის შვილის, სვეტლანა ალილუევას ქალიშვილი, ოლგა დადიოდა. გოგონას საკმაოდ კარგი მონაცემები ჰქონდა. ქართული ცეკვა მთელი გულით შეიყვარა და როცა დედამ ცეკვას თავი დაანებებინა მახსოვს, ძალიან ატირდა. შემდეგ დედამ ის ამერიკაში წაიყვანა. ვფიქრობ შემოდგომიდან ჩვენი სტუდია ბავშვების ახალი ნაკადის მიღებას დაიწყებს და ვიმედოვნებ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს დავუბრუნდები.

– ქორეოგრაფიული ანსამბლის „ნინო“ ჩამოყალიბების იდეა როდის გაგიჩნდათ?

– როდესაც დავრწმუნდი, რომ ჩვენი საქმიანობა წარმატებულია, გადავწყვიტე ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩამომეყალიბებინა და ეს საკუთარ დაბადების დღეს დავაკავშირე. პირველი მოცეკვავე, ვინც მოინდობა ჩვენი ანსამბლის სახელით სცენაზე გამოსულიყო, ლიკა ძნელაძე გახლდათ. 1986 წელს, სწორედ მასთან ერთად დაიწყო ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრება და ანსამბლს სახელად დიდი განმანათლებლის, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელის, წმინდა ნინო კაბადოკიელის მსგავსად, „ნინო“ შევურჩიეთ. ამ ფაქტმა ანსამბლის სახე და ადგილი საქართველოს მრავალრიცხოვან კოლექტივებს შორის იმთავითვე ზუსტად განსაზღვრა. დასაწყისში მასში ძირითადად გოგონები იყვნენ და სიმბოლურად შვიდი ბიჭიც ცეკვავდა. ანსამბლის მოცეკვავეებიდან გამოვარჩევდი სოლისტებს მარიამ თვარაძესა და ვახტანგ გაბიძაშვილს, რომლებიც ოქროს მედლის და კავკასიური თასის მფლობელები არიან. თუმცა ყველა ცეკვა მიყვარს, ყველაზე გამორჩეული ჩემთვის ალბათ ,,ქართულია,” რადგან ის ერის ფიზიკური და სულიერი სახის გამოხატულებაა, ქალ-ვაჟის სიყვარულის პოემაა, კდემამოსილების, კეთილშობილების, სიწმინდისა და რაინდობის  ზეიმია. არაქართული ცეკვებიდან გამოვარჩევდი ბერძნულს, რომელიც   ქორეოგრაფმა იგორ გითოლენდიამ მასწავლა. ეს ცეკვა პირველად 2019 წელს, მანანა აბაზაძის ვარსკვლავის გახსნაზე დავდგი და ქორეოგრაფი  დოდო ჩოგოვაძე დავიხმარე.

– ვიცი, რომ საცეკვაო კოსტიუმების დიზაინერი და მხატვარი თავად ხართ, რაც იშვიათია თქვენს სფეროში…

– დიახ, კოსტიუმების დიზაინერი თავად ვარ, სცენაზე ჩემი საყვარელი ფერები გადამქონდა. მათ შექმნაში დახმარება ანსამბლის სპონსორმა, თბილისის ერთ-ერთი კვების კომბინატის დირექტორმა, შოთა კუტიძემ გამიწია. მან ყველა კოსტიუმის ხარჯი დაგვიფარა. საერთოდ რომ არა სპონსორები, გასტროლებზე წასვლას ვერ მოვახერხებდით და ჩვენს საცეკვაო ხელოვნებას სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს ვერ გავაცნობდით, ამისთვის მინდა ყველა მათგანს უღრმესი მადლობა გადავუხადო. აქვე მინდა ვახსენო ჩემი აწ განსვენებული მეუღლე, ჯიმი არაბიძე, რომელიც არც მოცეკვავე იყო და არც ენის სპეციალისტი, რუსთავის ტყის გადამამუშავებელ საწარმოს ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჩემი ქორეოგრაფიული წარმატებებით ძალიან ამაყობდა. ჩემი ვაჟები, ირაკლი და გიორგი  დიდები არიან, უფროსმა ირაკლიმ ამერიკაში იპოვა თავისი ბედი და იქ მუშაობს. შესანიშნავი პოლონელი მეუღლე ედიტა და ორი არაჩვეულებრივი ვაჟიშვილი ლუკა და ბრაიანი ჰყავს. წელს ისინი მესტუმრნენ და მთელი საქართველო შემოიარეს. მეორე ვაჟი, გიორგი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, არაჩვეულებრივი მეუღლე, ვაჟიშვილი ნიკო და ქალიშვილი თინი ჰყავთ, გოგონას ჩემი სახელი დაარქვეს და ცეკვის ნიჭიც სწორედ მას, თინი არაბიძეს გამოჰყვა.

-თუმცა, ისედაც ნათელია, მაგრამ მაინც გკითხავთ: რა არის ცეკვა თქვენთვის?

– ცეკვა სიყვარულით არჩეული პროფესიაა და ჩემი ცხოვრების წყაროა, ჩემი სუნთქვა, რომელსაც სულიერი სიმშვიდე და სიხარული მოაქვს. მეამაყება, რომ მოცეკვავე ვარ. ჩემი ბრწყინვალე პედაგოგების, რომან ჭოხონელიძისა და ოთარ პაპიაშვილის გარეშე, ამ სფეროში ზღვაში წვეთივით ვიქნებოდი. მათი დამსახურებაა, რომ ჩემი ანსამბლი დავაარსე. ბოლოს საუბარი მინდა დავასრულო ქალბატონ ნინო რამიშვილის სიტყვებით, რასაც მთელი არსებით ვეთანხმები: „ალბათ რა მოსაწყენია ცხოვრება მათთვის, ვინც არ ცეკვავს”.  ღმერთს ვთხოვ, ნუ მომიშალოს ცეკვით განცდილი ბედნიერება და დარჩენილი წლები დამილოცოს…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები