საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტი „პატრიოტი დიასპორელი“ საქართველოში პირველ სასწავლო წელს იმერეთიდან ხსნის

„პატრიოტი დიასპორელი“ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში წარმატებით განხორციელებული საპილოტე სტარტის შემდეგ, პირველ სასწავლო წელს იმერეთიდან, კერძოდ კი ქ. წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლიდან ხსნის.

ემიგრაციასთან დაკავშირებული უკვე აპრობირებული საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტი „პატრიოტი დიასპორელი“ ითვალისწინებს ქართული წარმოშობის დიასპორელი მოზარდების საქართველოს საჯარო სკოლებში, მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში, გაკვეთილებზე დასწრებას.

„პროექტზე ონლაინ რეგისტრაციისას ქალაქ წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლა საბერძნეთში მცხოვრებმა დიასპორელმა მოზარდებმა აირჩიეს. სწორედ ამიტომ პირველ სასწავლო წელს აღნიშნული სკოლიდან ვიწყებთ. 22 სექტემბერს ემიგრანტები მთელი 1 თვით ჩამოდიან სამშობლოში. მათ გადაწყვიტეს გამოიყენონ ეს შანსი, რასაც „პატრიოტი დიასპორელი“ ჰქვია, დაესწრონ გაკვეთილებს აღნიშნულ სკოლაში და არ ჩამორჩნენ სკოლის პროგრამას. პარალელურად ბავშვები უფრო მეტს იმეტყველებენ ქართულად, გაიჩენენ ახალ მეგობრებს, მენტალურად უფრო  დაუახლოვდებიან სამშობლოს“, – განაცხადა პროექტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ციბაძემ, რომელსაც „ქართული კვირა“ გერმანიაში დაუკავშირდა.

სკოლის მხრიდან ემიგრანტებზე მორგებული პროექტის უნიკალურობაზე გაამახვილა ყურადღება ქ. წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯაროს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ და აღნიშნა, რომ სკოლაში განსაკუთრებული გულის ფანცქალით ელოდებიან თევდორე და ლილე მაისურაძეებს საბერძნეთიდან, რომლებმაც დიდი ნდობა გამოუცხადეს მათ სკოლას და მათთან ისურვეს სწავლა.

„ემიგრანტები, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაესწრებიან გაკვეთილებს საქართველოში, მიიღებენ „პატრიოტი დიასპორელის“ სიგელს, ხოლო მასპინძელი სკოლა გახდება „პატრიოტი სკოლა“. ამ ტიტულებს გავცემთ ჩვენ, პატრიოტი დიასპორელის ხელმძღვანელობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით – აღნიშნა პროექტის თანაგანმახორციელებელი ორგანიზაციის „საქართველოს ემიგრანტები“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან კინწურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტმა „პატრიოტი დიასპორელი“ გახსნისთანავე დიდი რეზონანსი გამოიწვია. პატრიოტი დიასპორელები მიწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტში. პროექტის ხელმძღვანელი კი საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციისა და ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ინსტანციიდან დაჯილდოვდა.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე:  https://forms.gle/KWT7Jk7gMQE8zL6cA

პროექტში მონაწილეობა უფასოა. 

„პატრიოტი დიასპორელის“ პირველი სასწავლო წლის გახსნა დაგეგმილია 26 სექტემბერს, რომლის ორგანიზებაში ჩართულია არა მარტო წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია, არამედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაც. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერება და ვიზიტი თეთრას მღვიმეში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები