დღეს გურამ თიკანაძის დაბადეის დღეა

გურამ თიკანაძე, ფოტოგრაფი და ალპინისტი, დაიბადა 1932 წლის 12 სექტემბერს და ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს სვანეთში შხარადან დაშვების დროს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956–1959 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს მღვიმეებს.

გურამ თიკანაძე მეშვიდე კლასიდან ფოტოგრაფიამ გაიტაცა და პიონერთა სასახლეში დადიოდა ცნობილ ფოტოგრაფებთან ნიკო საღარაძესა და სერგო ახვლედიანთან. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კი ალპინიზმმა გაიტაცა. 1959 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალ “დროშის” ფოტოკორესპონდენტად. 1962 წელს საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე გახდა. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში.

ნაწყვეტი გურამის დღიურიდან: „გეოლოგიაში დავრჩე, ფოტორეპორტიორობას მოვკიდო ხელი თუ ოპერატორობას. გაოცებას ვარ…ჯერხნობით ყველაფერს დინებას ვაძლევ. მე მგონი, დინება ფოტორეპორტაჟთან მიმიყვანს“

“მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან.”

30 წლის იყო გურამ თიკანაძე შხარიდან დაშვებისას ტრაგიკულად რომ დაიღუპა… თურმე, როდესაც თოკი გაუწყდა, დაიყვირა: – ”მივფრინავ, ბიჭებოო!”…

ლელა ნიჟარაძე: „…მეხის გავარდნას ჰგავდა შემზარავი ამბავი, გურამი დაიღუპაო… მთელი უშგული შეიკრიბა, მოდიოდნენ ჩვენს სახლშიც.

მერე შეიკრიბნენ მთელი სვანეთის ალპინისტები, როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთის, ცნობილები და გამოცდილები, გამოიძახეს თბილისიდან მაშველთა რაზმი და 40-კაციანი ჯგუფი უნდა წასულიყო შხარაზე გურამის ნეშტის ჩამოსასვენებლად.

ჩვენს სახლში დიდი ხალხმრავლობა იყო, თბილისელებმა თუ ადგილობრივებმა, ყველამ ჩვენთან მოიყარა თავი. მაშველთა რაზმის ხელმძღვანელი საკმაოდ ცნობილი და ჭარმაგი ბექნუ ხერგიანი გახლდათ…

…. როცა ალპინისტები მივიდნენ შხარის ძირში, გადაწყდა: კლდეზე უნდა ასულიყვნენ მხოლოდ სვანი მთამსვლელები და ერთი კაცი, თბილისელი თამაზი – გვარი არ მახსოვს – რომელიც იმ ტრაგიკულ დღეს გურამთან იყო თოკში შებმული…

მაშველები კი შხარას ძირში უნდა დარჩენილიყვნენ და საჭიროების შემთხვევაში დაიხმარდნენ.

ასე ავიდნენ შხარაზე, წინ – ბექნუ ხერგიანი, უკან – ჯგუფი  (თუ არ ვცდები, 20 კაცი)…

როცა ასულან შხარაზე, გურამის ნეშტი ძალიან რთულ და მიუვალ ადგილზე ყოფილა…

ნეშტისათვის რომ გადაუხედავთ, გრიშა გულბანს (რომელიც ძალიან ცნობილი, დიდი მთამსვლელი იყო) იმ თამაზისთვის (რომელიც გურამთან ერთად იყო თოკში შებმული) მოუთხოვია, დაწვრილებით აღეწერა ის გარემოება, რომელშიც გურამი დაიღუპა, როგორ მოხდა ეს ყველაფერიო,

მან კი, თურმე, დეტალურად აუხსნა, თუ როგორ გადმოგორდა კლდიდან დიდი ქვა და როგორ ჩაჭრა გურამის ბაწარი, – ასე მოწყდაო კლდიდან.

ის მთამსვლელი, თამაზი, გურამის დაღუპვის მერეც ხშირად ამოდიოდა უშგულში ჩვენთან.

დადგა საკითხი გურამის ჩამოყვანა – არჩამოყვანაზე. მერე ბექნუს უთქვამს (ყურში არ ესმოდა ბექნუს და ხმამაღლა უყვიროდნენ ხოლმე): დავჭრი, დავაკონსერვებ, ჯიბეებში

ჩავიწყობ გურამის ნეშტს და ისე ჩავიტან, აქ მაინც არ დავტოვებო…

ასე იყო თუ ისე, ნეშტი ჩამოასვენეს.

მას არც კი აკადრეს რაიმე ტრანსპორტზე, მაგალითად – მარხილზე, ან დიდ მანქანაზე დასვენება, ისე ატარეს სულ ბეჭებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბრგე და ახოვანი ვაჟკაცები,

არც სამგლოვიარო სვანური ზარი შეუწყვეტიათ და ამგვარად ჩამოიყვანეს 5-6 კილომეტრის მანძილზე.

დაასვენეს ჩვენი სახლის წინ, კოშკთან, პატარა მოედანზე, იქ გაუმართეს სამგლოვიარო ცერემონიალი.

იყვნენ ქალები, ადგილობრივები (ორი ქალი – ერთი პედაგოგი იყო, მახსოვს – უკლება-ჩარქსელიანი), რომელთაც ქართულად დაიტირეს, რათა სიტყვების შინაარსი სტუმრებსაც გაეგოთ, რადგანაც გურამის უამრავი ახლობელი თუ მეგობარი იყო ჩამოსული თბილისიდან უშგულში პატივის მისაგებად.

 გამონაკლისი იყო ბიცოლაჩემი ივდითი, რომელიც, როგორც მურმან ლებანიძე აღწერს, მართლაც კივილით გამოვარდა სახლიდან და ასე პოეტურად დაიტირა სვანურად,

კაცები კი ზარს ამბობდნენ.

 მერე დიდი დავა გამოიწვია ადგილობრივ, სვან მთამსვლელებში იმან, თუ რომელი გზით წამოესვენებინათ გურამი, ლენტეხის თუ მესტიის…

არ დათმეს მესტიელმა მთამსვლელებმა: ეს ჩვენკენ უფრო მოდიოდა და ამიტომ ეს გზა ეკუთვნისო…

გადაწყდა, გურამი მესტიით ჩამოესვენებინათ თბილისში.

ამასობაში დაღამდა კიდეც და მთვარიანი ღამით, ზარით წამოასვენეს გურამი მესტია-უშგულის გზით…

აქაც პატივით დაკრძალეს, სვანური ქვა „კა“ და სვანური ზარი აქაც თანმდევი იყო მისთვის…

ასე იყო ეს ისტორია, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა. დღემდე მახსოვს და მტკივა გურამი…“

* * *

– ვოი!

რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!

ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!

ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –

ყინულის ლოგინში!..

ვოი, კალა-უშგული შეკრებილა –

ყანას და სათიბს მომცდარა.

მთელი სვანეთი შეკრებილა,

მთლად საქართველო შეკრებილა,

შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…

ვოი, შხარა სისხლით შეღებილა –

კოხტა თიკანაძე მომკვდარა…

ბექნუ ხერგიანს

და ბექნუს ლომებს

გურამის ნეშტი

უპყრიათ ხელში,

ბექნუ ხერგიანს

და ბექნუს ლომებს

მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

საკუთარ ხელით პალო დაუგია,

საკუთარ პალოზე მომწყდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია –

თოკი ერთადერთი ჩაუბია –

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს

და ბექნუს ლომებს

გურამის ნეშტი

უპყრიათ ხელში,

ბექნუ ხერგიანს

და ბექნუს ლომებს

მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში…

“ხოჩა საკაცე გამითალეთ,

დავაწყო ხორცი და ძვალი,

სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,

აღმართში კვნესით ამიტანეთ,

ვაკეზე მითხარით ზარი!..”

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,

შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;

ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი

საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

“თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?

შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!

ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა –

რამ დაგაპატარავა, შვილო?!”

ასი ცხენოსნით

უშგული გახლავს

და ბეჭზე მიდევს

შენი საკაცე…

შენ დაგეუფლა

ძილი და დაღლა,

შენ დასახარჯი

უკვე დახარჯე…

შენ გაიელვე

ღრუბლებზე მაღლა,

შენ საქართველოს

ღამე გახაზე…

ასი ცხენოსნით

უშგული გახლავს

და მიტივტივებს

შენი საკაცე…

ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!

ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!

ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –

ყინულის ლოგინში!..

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია,

ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია –

ვარსკვლავი

ვარსკვლავებს მომწყდარა.

/მურმან ლებანიძე/

1964წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები