საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე მოპოვებული 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
ავსტრიის ობერვარტში ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კაცთა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ჩვენი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (- 90 კგ), რომელმაც ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა.
მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში იპონით მოუგო მონტენეგროელ ნოვო რაიჩევიჩს. ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა უნგრელ როლანდ გოზთან და ნახევარფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა. ბექაურმა აქაც იპონით გაიმარჯვა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ბექაურს ასევე ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილის ძმას, ვახიდ ბორჩაშვილს მოუგო.
ასევე საუკეთესო შედეგი ჰქონდა ვლადიმერ ახალკაცსაც (-81 კგ). ფინალამდე ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა. დაამარცხა ავსტრიელი, შვეიცარიელი, ბრიტანელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ფრანგ ნიკოლა ჩილარის ოქროს ქულით მოუგო და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი თუთაშვილმა (-66 კგ) და გიორგი ბერიაშვილმა (-100 კგ).