დანიის ქალაქ ორჰუსში Glomus Camp 2022 გაიმართა

2022 წლის 17-27 აგვისტოს, დანიის ქალაქ ორჰუსში Glomus Camp 2022 გაიმართა.

საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო Glomus ქსელი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2016 წლიდან შეუერთდა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს სახელოვნებო აქტივობებით დატვირთულ ბანაკს. მიმდინარე წელს, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თსკ-ის პარტნიორი სასწავლებელი, დანიის სამეფო სამუსიკო აკადემია გახლდათ.

Glomus Camp 2022 უმაღლესი სახელოვნებო დაწესებულებების 150-ზე მეტ სტუდენტსა და პერსონალს აერთიანებდა.

ღია კონკურსის შედეგად შერჩეული კონსერვატორიის სტუდენტები, ანასტასია მინაშვილი (სოლო აკად. სიმღერა), ნანა გოლიაძე (ფლეიტა), გიორგი კობერიძე (კომპოზიცია) და კონსერვატორიის ასისტ. პროფესორი სოფიო მურუსიძე (ჯაზის ხელოვნება, ვოკალი) მონაწილეობდნენ Glomus ღონისძიებებში 10 დღის განმავლობაში, რაც მოიცავდა მრავალფეროვან პერფორმანსებს, დისციპლინათაშორის კოლაბორაციებს, ტრანსკულტურულ და ინკლუზიურ დიალოგს.

Glomus Camp 2022-ის ფარგლებში გაიმართა ლიდერების ფორუმი, რომელშიც კონსერვატორიას წარადგენდნენ თსკ-ის რექტორი, ნანა შარიქაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ივერი კეკენაძე. ნანა შარიქაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტრატეგიული კონცეფციის Artistic Citizenship მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო სახელოვნებო სასწავლებლების რექტორებსა და რელევანტური დეპარტამენტების ხელმძღვანელებს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

შეგახსენებთ, რომ Glomus Camp 2019 ბათუმში გაიმართა და მას თსკ-მ უმასპინძლა. მომდევნო გამოშვება, 2024 წელს, ნეპალში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები