ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IOAA-ს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადა IOAA-ს( International Olympiad on Astronomy and Astrophysics) უმასპინძლა. ოლიმპიადაში 46 ქვეყნის (მათგან 7-მა ონლაინ) 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სქართველოს ნაკრების წევრები იყვნენ: დაჩი ჭოტაშვილი – საპატიო სიგელი, ირაკლი უგულავა – ბრინჯაოს მედალი, ანდრია მანჯავიძე – საპატიო სიგელი, ბიძინა გაგნიძე – ბრინჯაოს მედალი და გიორგი ჩხიკვაძე.

მათი მწვრთნელები და ლიდერები იყვნენ: ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი ბახტაძე. ხუთივე წევრი ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე არის.

ოლიმპიადა შედგებოდა ოთხი ნაწილისგან:

  1. თეორიული ტური, რომელშიც მონაწილეებს ევალებოდათ ასტროფიზიკის ამოცანების ამოხსნა.
  2. მონაცემთა ანალიზი, რომელშიც მონაწილეებს ევალებოდათ მოცემული მონაცემების დამუშავების შედეგად ასტროფიზიკური მოვლენების ახსნა
  3. ღამის დაკვირვება, რომელშიც მონაწილეებს ევალებოდათ ტელესკოპებით გარკვეული სავარჯიშოების შესრულება.
  4. დღის დაკვირვება, რომელშიც მონაწილეებს ევალებოდათ ასტრონომიული ამოცანების ამოხსნა.

„აღსანიშნავია, რომ ამოცანების შედგენაზე, შესწორებაზე და აპელაციაზე პასუხისმგებლობა ბოლომდე ჰქონდათ აღებული ქართველ სტუდენტებს და მათი შრომა ძალიან დააფასეს ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა.

წლევანდელი ოლიმპიადის დონე ძალიან მაღალი იყო და ამოცანები გამორჩეული იყო სირთულით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამ სტუდენტს.

მადლობა ყველა მოხალისესა და ორგანიზატორს გაწეული სამუშაოსთვის. სხვა ქვეყნის ლიდერები ძალიან სასიამოვნოდ იყვნენ გაოცებულები და ოლიმპიადის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რამდენად გადააჭარბა საქართველომ მოლოდინებს.

ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ღონისძიებები მომრავლდება საქართველოში, რაც ძალიან დიდ ნახტომს გამოიწვევს ქართული მეცნიერების დონეში!“ – ნათქვამია საქართველოს ასტრონომიის კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები