ფესტივალი DECODER თბილისში მორიგი მასშტაბური მუსიკალური პროგრამით ბრუნდება

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER-ი შემოდგომის სერიას 2 სექტემბერს , SPACEHALL KUSTBA-ს ღია სივრცეში უმასპინძლებს – 𝘿𝙀𝘾𝙊𝘿𝙀𝙍: 𝙎𝙊𝙇𝙊𝙈𝙐𝙉 / 𝙏𝘼𝘿𝙀

SOLOMUN-ი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არტისტია, რომლის აქტიური მუსიკალური შემოქმედება ორ დეკადას ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში მელოდიური ტონალობებისა და საცეკვაო რითმების სინთეზით შექმნილი მისი კომპოზიციები გლობალური მასშტაბით ყველაზე დიდი და ხალხმრავალი ფესტივალების ჰიტად იქცა.

საყოველთაო აღიარებამდე, მისი მოგზაურობა მუსიკის სამყაროში ფირფიტებისა და ჩანაწერების შეგროვებით დაიწყო, რამაც უბიძგა თავად შეექმნა მუსიკა. 2005 წელს მეგობრებთან ერთად დაფუძნებული ლეიბლის DIYNAMIC ფარგლებში გამოშვებული ალბომები მალევე მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, ხოლო მზარდი პოპულარობისა და დასამახსოვრებელი, მიმზიდველი, მსმენელისთვის ადვილად აღსაქმელი მუსიკის დამსახურებით ის ჰედონისტების ერთ-ერთი საყვარელი კუნძულის, იბიცას კლუბების რეზიდენტად იქცა.

SOLOMUN-ის თავდაუზოგავმა სიყვარულმა Do it Yourself ესთეტიკის მიმართ მის საქმიანობას მრავალი შრეები შესძინა. ამჟამად იგი დიჯეობასთან და პროდიუსერობასთან ერთად ორი ლეიბლის, DIYNAMIC და 2DIY4 მესვეურობას ითავსებს, ბერლინური კლუბის, EGO დამფუძნებელი და DIYNAMIC-ის რადიო შოუების ავტორი. სხვადასხვა წლებში SOLOMUN-ს მოპოვებული აქვს გამარჯვებულის ტიტული წლის საუკეთესო დიჯეის, საუკეთესო ალბომის, საუკეთესო ლეიბლისა და საუკეთესო პროდიუსერის ნომინაციებში.

საფესტივალო ღამეზე მასთან ერთად დაუკრავს ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიჯეი და პროდიუსერი, თადე თოდუა პროექტით TADE, რომლის პირველი აღიარება კანადურ ლეიბლზე DASH DEEP RECORDS და მოგვიანებით, UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემულ ჩანაწერებს მოჰყვა. კრიტიკოსებისა და ელექტრონული მუსიკის ენთუზიასტებისგან მიღებული მაღალი შეფასებების შემდეგ TADE ადგილობრივი კლუბებისა და ფესტივალების ხშირ სტუმრად და DECODER-ის ხანგრძლივ მეგობრად იქცა. სტილისტური მრავალფეროვნების წყალობით ის ყოველთვის საუკეთესოდ ახერხებს საკლუბო და საფესტივალო ღამე მრავალი და სხვადასხვა მიმართულების მქონე არტისტებთან ერთად ნამდვილ დღესასწაულად აქციოს.

ფესტივალი DECODER 2017 წელს დაფუძნდა და მის ფარგლებში თბილისს ელექტრონული მუსიკის ისეთი დიდი სახელები სტუმრობდნენ, როგორიცაა Richie Hawtin, Amelie Lens, Nicolas Jaar, Peggy Gou, Ellen Allien, Black Coffee, Mano Le Tough და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები