ჯვარიმინდორობის ფესტივალზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ოფიციალურად გაიხსნა
ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ტურისტების მისაღებად მზადაა. ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე საკემპინგე სივრცე ფოლკლორულ ფესტივალზე „ჯვარიმინდორობა“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
მოსასვენებელი სივრცეები აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც მოლაშქრეებს საშუალებას აძლევს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.
ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ ტურისტულ ბილიკზე, სადაც საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრებია მოწყობილი, მოგზაურებს საშუალება აქვთ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020 წელს განახორციელა.