“კეცის მჭადი და ჭყინტი ლობიო მომენატრა, ძმაო…”

„საუკუნეთა განმავლობაში, საქართველოში ებრაელთა კეთილად ცხოვრების  მილიონობით ისტორიაა. ყოველი მათგანი, ბუნებრივია, განსხვავდება, მაგრამ საერთო ერთი აქვთ – ურთიერთგაგება, სიყვარული, თანაგრძნობა, ისევ სიყვარული, ერთგულება, ისევ სიყვარული, თანადგომა, ისევ სიყვარული და ა. შ. და ა.შ…

ერთი დიდი სიყვარული ხართ ჩემო ქართველო ებრაელებო!

სამი წლის წინ გთხოვეთ – დაწერეთ პირადი ისტორიები. თითოეული თქვენგანის ისტორია მომავალი თაობებისთვის ურთიერთობების ის უნიკალური მაგალითებია, რომლებიც, საქართველოში ებრაელთა რაოდენობის პროპორციულად მცირდება კიდეც. ეს უნიკალური ქრესტომათიაა. წაიკითხეთ“ – წერს ისრაელის ელჩი ლაშა ჟვანია და სოციალურ ქსელში ერთ ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

******

“ეს პირველი სამი თავი წამალი ორ საათში უნდა გვქონდეს, ეს მეოთხე – შეიძლება

ხვალიდან ან ზეგიდან დავიწყოთო.

  ოთხსაათიანი ოპერაციის შემდეგ  დაღლილი ქირურგი კაბინეტში  ზის და   ფურცელზე წამლებს მიწერს.

   – რეცეპტი რად გინდა, აფთიაქებში მაინც ვერ იშოვი, ხელზე თუ იყიდი, ებრაელებში…

   ღამის ორი საათია.

   ვის მივადგე, ვის ვიცნობ!

   – და რა ეღირება ეს წამლები?

   – ას-ასი მანეთი მაინც იქნება, ძვირია ძალიან!

   არამიანცის საავადმყოფოდან  ქვაფენილზე დავეშვი და ფეხით გავწიე მაედნისაკენ. ჯიბეში ზუსტად ოცდათექვსმეტი მანეთი მაქვს.

   კაცის ჭაჭანება არაა.

   სინაგოგის გვერდით ქუჩას ავყევი. აქ შარშან მეგობარს ვახლდი, მაშინაც  წამალი გვინდოდა. ვერ ვიხსენებ, რომელი სახლი იყო. ვიწრო ქუჩაა, ორსართულიანი ნაგებობები სადარბაზოების გარეშე. სახლებში შესასვლელი  კარი პირდაპირ ტროტუარზე გამოდის.

   ვახსენე ღმერთი და დავაკაკუნე.   არავინ გამომეპასუხა.

   ქუჩა ნახევრად ბნელია. თვალით ზარის ღილაკი მოვძებნე. დავაჭირე.  კარგა ხანი ვრეკავდი. ბოლოს ნამძინარევი ხმა შემომესმა.

   – რომელი ხარ, დაგენაცვლე?

   ხმა ვერ ამოვიღე. რა ვუთხრა. რას ნიშნავს მისთვის ჩემი სახელი და გვარი?!

   – წამალი მინდა! – ამოვღერღე, როგორც იქნა.

   – რა დროს წამალია, ამ შუაღამეს, დილას მოდი, შეკაცო!

   –  ახლა მინდა აუცილებლად, ათი წლის ბავშვი კვდება!..

   – ვინ ხარ, არ მეტყვი?

   სახელსა და გვარს ვეუბნები.

   – რა დაემართა ბავშვს?

   – პერიტონიტი, ბრმა ნაწლავის ოპერაციის  შემდგომი გართულება…

   კარს მიღებს. საცვლების ამარაა. ჩემზე ასე, ათი  წლით უფროსი იქნება.

   – ოხერია აპენდიციტი,  მაცალე, დაგენაცვლე, ჩევიცვამ ტანზე… შემოდი, შემოდი, აგერ დაბრძანდი…

   ზალაში შემიყვანა და  სკამისკენ მიმითითა.

   ჩაიცვა..

   – მაჩვენე აბა, რა წამლებია?

   დიდხანს ჩაჰყურებდა ნაწერს.

   – ეს პირველი სამი არ მაქვს, ვფიცავარ შვილებს, მეოთხეს მოგცემ.

   – მეოთხე არაა საჩქარო, ეს სამი ამაღამ მინდა აუცილებლად!

   – ეგენი ქოენას ექნება, აგერაა ას მეტრში. გაგყობი მე.

   – როგორ მოგმართოთ?  – ვკითხე მასპინძელს.

   – მე დობერა ვარ, წიწუაშვილი… ვანელი ვარ, იქ ვარ დაბადებული და გაზრდილი…

   ეჰ, გავიფიქრე, ებრაელი და თან ვანელი, არ გინდა იღბალი?

   მაინც  გავბედე, თუ გავრისკე:

   – ფული არ მაქვს, დობერა!

   – აბა უფულოდ სადაა, ჩემო ძმაო!

   – ნისიად მინდა, პასპორტს დავტოვებ!

   – პასპორტს უფასოდ რომ იძლევიან კი იცი შენ, პასპორტში წამალს ვინ მოგცემს…

   უცებ გამახსენდა, რომ არც პასპორტი მქონდა, ვის დაჰქონდა მაშინ პასპორტი ჯიბით, მაგრამ მქონდა ლექსების პატარა წიგნი, ბროშურისნაირი, კოსტუმის შიგა ჯიბეში მედო, ყდაზე ჩემი სურათი იყო გამოსახული…

   – არც პასპორტი მაქვს, დობერა!

   – აბა ვინ ხარ, კაცო, რას გადამეკიდე ამ შუაღამით!

   აშკარად გაბრაზდა.

   შემრცხვა.

   ჯიბიდან  მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, მორიდებულად ამოვიღე წიგნი და მივაწოდე.

   – ა, ეს ვარ, კი არ გატყუებ!

   წიგნი გამომართვა და შევატყვე, ხასიათი გამოუკეთდა.

   –  ბავშვი შენი შვილია?

   – არა, მეგობრისაა, მამა არ ჰყავს,  მოუკვდა.

   – წამლებს შენ ყიდულობ?

   – ხო!

   დობერა ერთ ხანს გაჩუმდა.

   – მეც ვწერ, დაგენაცვლე, ლექსებს, ჯემალს ხომ იცნობ, აჯიაშვილს, იმას მინდა ვაჩვენო, დარეკილი მაქვს, მოდიო…

   წიგნი გადაშალა და ერთ ლექსს თვალი  გადაავლო.

   – მთლას ამნაირებს ვერ ვწერ…  წაგაკითხებ, თუ გინდა.

   – რა მელექსება, დობერა!

   – არა, ახლა კი არა, მერე!

   ტელეფონი აკრიფა. დიდხანს ელოდა, სანამ გააგონებდნენ.

   – ალო, რაფო, წამლები მინდა საწრაფოდ, ნაცნობი ბიჭია და ვერ ვუთხარი უარი…

   წამლები ჩამოუსახელა.

   – კაი, მოვალ, აბა!

   – ქოენას ექნება-მეთქი, ხომ ვთქვი, მაგარია რაფიკა. წავიდეთ ახლა.

    – ქოენაა თუ რაფიკა? – კი არ მაინტერესებდა, მაგრამ მაინც ვიკითხე.

   – რაფიელია, ქოენიშვილი, გორიდანაა, კაი ბიძაა ძაან.

   დობერამ გარეთ დამტოვა. თვითონ  რაფიკას  სახლში შევიდა. ხუთ წუთში გაზეთში გახვეული წამლები გამომიტანა.

   – ა, სამივეა, 270 მანათისაა, ეს კიდევ ჩემი, მეოთხე, – ჯიბიდან მეოთხე წამლის კოლოფი ამოაცოცა – ჩემსას ხუთი თუმანი უნდა, სულ 320 მანათია. როდის მოიტან ფულს?

   – როგორც კი ვიშოვი, ერთ კვირას არ გადავაცილებ!

   – ქოენა გასტუმრებული მყავს, მაგი ნისიად ძმას არ მისცემს არაფერს, ჩემი გმართებს ეგ ფული!

   – აგაშენა, ღმერთმა, დობერა!

   – წამიწერე  ამ წიგნზე, – მთხოვა  დობერამ  და გადაშლილი წიგნი  კედელზე  მიატყეპა,

   – წამიწერე და ტელეფონი მიაწერე, თუ გაქვს, დაგირეკავ!

******

   მთელი ორი წელი მისვლა-მოსვლა გვქონდა მე და დობერას. ახალ ლექსებს, დაწერისთანავე,  ტელეფონით მიკითხავდა. დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ლექსები ძალიან უყვარდა.  არ ბეჭდავდა, რომ იტყვიან – თავისთვის წერდა.

   კვირა დღე იყო. დამირეკა. ვორონცოვზე მოდიო.

   ხელში გადასაბნევიანი ჩანთა ეჭირა. წამო, პლეხანოვზე, „იმერეთში“ შევიდეთო.

   – კურდღლის მწვადები აქვთ იქ, ღორს მე არ ვეკარები, ხბოს ვერაფრით გაღეჭავ, წამო, წამო, დალევა მომინდა!

   იმერული ჭადებიც  შეუკვეთა, კეცზე, ნეშოში გამომცხვარი,  მარილიანი ყველი და  ნიგვზიანი ჭყინტი ლობიო ბლომადო.

   მწვადისთვის პირი არ დაუკარებია. ლობიოს და ცხელ მჭადს მიეძალა. „გურჯაანი“ დავლიეთ  სამ – სამი  ბოთლი. კარგად შევთვერით.

   ჩანთიდან ბანდეროლი ამოიღო, ამაში ჩემი ლექსებია თავმოყრილი, ფოსტით მინდოდა გამოგზავნა, მაგრამ მერე ხელში გადმოცემა ვარჩიეო.

   – წაიღე, შენთვის გადავწერე, საჩუქრად გქონდეს.

   კი გამიკვირდა, მაგრამ არაფერი მითქვამს.

   ბანდეროლი არც გამიხსნია. ვიცნობდი მის ნაწერებს.  დასაბეჭდად არ ვარგოდა.  ახლა მთლად წყალ-წყალა ლექსებს გამოსცემენ, მაშინ  ასე არ იყო.

   ორი თვე არ მინახავს.

   დავურეკე.

   არ მიპასუხა.

   მთელი  დღე ვრეკავდი. ბოლოს მივედი.

   ზარის ღილაკს მივაჭირე. არ დაიწკრიალა. გვერდით,  ფანჯარაზე დავაკაკუნე.  ახალგაზრდა ქალმა გამომხედა.

   – ხომ არ იცით, სადაა დობერა?

   – უი, დობერას ოჯახი ისრაელში  გადავიდა. ცარიელია ეგ სახლი!

   გულდაწყვეტილი წამოვედი.

   შინ მისულმა პაკეტი გავხსენი და რვეული გადავშალე.

   ბრილიანტად  მეჩვენა ყველა ლექსი!

   ბოლო ფურცელსა და ყდას შუა  320 მანეთი იდო, სამი ასიანი და ორი თუმნიანი!

   ოცდაათ წელზე მეტი გავიდა.

   კარზე მორიდებულად დააკაკუნეს.

   „გლაზოკში“ არ გამიხედავს, ისე გავაღე.

   – კეცის მჭადი და ჭყინტი ლობიო მომენატრა, ძმაო! – მითხრა დობერამ და გადამეხვია.

ვასილ ბესელია”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები