ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ წონების მიხედვით, განთესილთა სიები გამოაქვეყნა
ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, წონების მიხედვით, განთესილთა სიები გამოაქვეყნა. ის მოჭიდავეები, რომლებიც თავიანთი წონების საუკეთესო 8 მოჭიდავეთა შორის მოხვდნენ, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას პირდაპირ 1/8 ფინალიდან დაიწყებენ.
მძიმეწონაში (125 კგ) წონის ლიდერია და მსოფლიოზე პირველ ნომრადაა განთესილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი. მეორე ნომრად გენოს პრინციპული მეტოქე თურქი ტაჰა აკგულია, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ზარე კი, მესამე.
მეორე ნომრად იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე განთესილი მოქმედი ევროპის ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), რომელიც მხოლოდ ყირგიზ ერნაზარ ახმატალიევს ჩამორჩება.
57 კგ-ში მეექვსე განთესვა აქვს ბექა ბუჯიაშვილს. ასევე, მეექვსე ნომრადაა განთესილი 61-კგ-ში თეიმურაზ ვანიშვილი. მეხუთე ნომრადაა განთესილი 79-კგ-ში ვლადიმერ გამყრელიძე. მირიან მაისურაძე კი, 92 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე განთესვით იქნება.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 10-18 სექტემბრის ჩათვლის ბელგრადში გაიმართება.