საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ორი ვერცხლის მედლით დაასრულა

სოფიაში გამართულ 20-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა –  ნიკა ბროლაძემ (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82 კგ) ფინალში იასპარეზეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ბროლაძე პირველ შეხვედრაში 9-1 დაამარცხა იაპონელი რიომა ტოიოტა. მერვედფინალში წმინდად 11-0 მოუგო ხორვატ ლუკა ივანჩიჩს, მეოთხედფინალში ასევე აშკარა უპირატესობით – 8-0 დაამარცხა ფინელი ნესტორ მანილა, ნახევარფინალში კი ქულებით – 9-3 აჯობა ირანელ სეიედ სოჰრაბის და ფინალში ბრძოლის უფლებაც მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბროლაძე აზერბაიჯანელ ქენან აბდულაზადეს დაუპირისპირდა, მაგრამ 1-4 დამარცხდა და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

აჩიკო ბოლქვაძე ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. აშკარა უპირატესობით – 9-0 დაამარცხა ჩეხი მარეკ ვრბა, მეოთხედფინალში ასეთივე ანგარიშით მოუგო ინდოელ როჰიტ დაჰიას. ნახევარფინალში 5-1 გაუმკლავდა უკრაინელ რუსლან აბდიევს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ირანელ ალირეზა მოჰმადიპიანის შეხვდა, მაგრამ წარმატებას ვეღარ მიაღწია, 1-9 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები