კახეთში, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018-2022“ გაიხსნა

კახეთში, იყალთოში, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 – 2022“ გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

ბანაკში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  14-დან 18 წლამდე 100 ახალგაზრდა წარმომადგენელი მონაწილეობს. პროექტი მიზნად ისახავს ევროპული სამოქალაქო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მულტიკულტურული მიდგომის წახალისებასა და ახალგაზრდებს შორის ტოლერანტობის მხარდაჭერას.

„აღსანიშნავია, რომ ბანაკის პროგრამა ინტენსიური ტრენინგ-სესიებისგან შედგება. 6 საგანმანათლებლო მოდული სპეციალურად პროექტის მონაწილეთა ასაკზეა მორგებული და არაფორმალურ საგანმანათლებლო მეთოდოლოგიას სრულად ეფუძნება. მოდულები მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების 8 კომპეტენციის განვითარებაზეა ორიენტირებული, რომელთა მიხედვითაც, ახალგაზრდა მონაწილეები ერთმანეთის კულტურის შესახებ სწავლობენ, იგებენ მეტს ევროკავშირსა და ევროპულ ღირებულებებზე; ასევე,  ეცნობიან ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპებს, სწავლობენ საჯარო გამოსვლას.

მონაწილეების ნაწილი ღია კონკურსის წესით შეირჩა, ნაწილი კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სტიპენდიანტი მოსწავლეები არიან. ბანაკში მონაწილეობა უფასოა. სპეციალური კრიტერიუმებით შერჩეული ბანაკის თანამშრომლები, მონაწილეთათვის ცოდნის მაქსიმალური გადაცემისთვის, სრულად მოწოდებულნი არიან. პროექტის მიზნების მიღწევა ყოველწლიურად იზომება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების მიხედვით, რომლებიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ.

მონაწილეებთან ყოველდღე ინტენსიურად მუშაობს 8 ტრენერი და 4 ლიდერი, რომელთა შერჩევისა და წინასწარი მომზადება/გადამზადების პროცედურა ყოველწლიურად, ივნისი – აგვისტოს პერიოდში მიმდინარეობს. ამის გარდა, ბანაკის სწორად წარმართვაზე ზრუნავენ ამისათვის სპეციალურად განკუთვნილი თანამშრომლები.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე, ბანაკში 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, აპლიკანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ჯამში 2022 წელს 5000-ს გადააჭარბა.  ბანაკის პროგრამული თანამშრომლები, 70-ზე მეტი პირი, თავად პრაქტიკოსი ტრენერები, ახალგაზრდული მუშაკები და ახალგაზრდები არიან.

მნიშვნელოვანია, რომ ბანაკი იქნება მოსამზადებელი ფაზა საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პოტენციური სტუდენტებისთვისა და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის“, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები