“ამ ყველაფრისთვის რაც დღეს მაქვს, მე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები დავკარგე…”
“ამ ყველაფრისთვის რაც დღეს მაქვს, მე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები დავკარგე…” – ქართველი ემიგრანტის, ირინა იოსებაშვილის პატარა ჩანახატი.
“-მორჩა!
ახლა ხელფასს რომ ავიღებ ყოველ თვეში ასს ევროს გადავდებ რომ მალე წავიდე…
ასე ვიმეორებ უკვე თორმეტი წელია და ახლა საფულეში ზუსტად ათი ევრო და რაღაც ხურდები მიყრია…
არასოდეს დამითვლია ხელფასი…
იმდენად უღიმღამოა ეს პროცესი ჩემთვის…
თითქოს მივეჩვიე რომ მაინც არაფერი დამრჩება..
წლები გადის…
ოცდარვა წლის გოგო ვიყავი და ახლა ორმოცდაერთი წლის ქალი ვარ…
ღამე ისევ ძველებურად არ მძინავს და გათენება ისევ, ისე მეზიზღება…
თუ ვინმეს ჰგონია რომ ემიგრანტობა სიმდიდრეა და ყელამდე ფული – ცდებით.
აქ წესიერი შრომით ძალიან დიდხანს უნდები იმ ყველაფრის გაკეთებას რისთვისაც წამოხვედი…
მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით ცდილობ ცოტა მაინც შეაფხიზლო შენს სულში მიძინებული ქალი…
ასაკთან ერთად გამოტოვებული ყველა დღის გამჩენი ვატირე…
როცა ჩემი დღეები ერთმანეთს ისე ჰგვანან, რომ მკითხო რა იყო გუშინ ან გუშინ წინ, ისევ იმ ამბებს მოგიყვები რაც ერთი თვის წინ მოგიყევი…
ათ ევროს და ხურდებს დავხედე და მწარედ გამეღიმა.
ამ ყველაფრისთვის რაც დღეს მაქვს, მე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები დავკარგე…”
ირინა იოსებაშვილი