ქუთაისი საერთაშორისო ფოტო ფესტივალს „ილო“ უმასპინძლებს
2022 წლის 14, 15 და 16 აგვისტოს, ქუთაისი ტრადიციულად, კიდევ ერთხელ, საერთაშორისო ფოტო ფესტივალს „ილო“ უმასპინძლებს.
ფესტივალი (ფოტო – კონკურსი) “ილოს” დაარსების იდეა ქუთაისელ კინოდოკუმენტალისტს, მხატვარს – მერაბ ქაჯაიას ეკუთვნის. ფესტივალი 2007 წელს დაფუძნდა და წელს უკვე მეთხუთმეტედ ტარდება.
წელს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით ფოტო ხელოვნების ამ კოლორიტული ღონისძიების თანაორგანიზატორი იქნება შ.პ.ს. „კომპანია ოქროს პეპელა“ რომელსაც სახელოვნებო, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების (კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა) ორგანიზების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია (ხელმძღვანელი ირაკლი ჯაოშვილი).
ფესტივალის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება – გაძლიერება, კულტურათა შორის დიალოგის გზით, დარგის ტენდეციებისა და ინოვაციების გაცნობა – წარმოჩენა, ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტო – მოყვარულების გამოვლენა – წახალისება და ილო ხახიაშვილის სახელისა და ღვაწლისადმი პატივის მიგება.
ფესტივალი, ტრადიციულად, ჩატარდება სლოგანით – „იცხოვრე, დარჩი!“
წელს ფესტივალში 8 ქვეყანა მონაწილეობს: საფრანგეთი, უკრაინა, ესტონეთი, საბერძნეთი, ისრაელი, უზბეკეთი, ნიდერლანდები და საქართველო.
ფესტივალის პროგრამა:
14 აგვისტო
12:00 – 13:00 ფესტივალის მონაწილეთა მიღება, რეგისტრაცია (სასტუმრო “გრანდ ოპერა”)
13:00 – 14:00 ფესტივალის ოფიციალური გახსნა და “ილოს – გალერეას” გახსნა (ღია სივრცე “ილოს” ძეგლი, სასტუმრო “გრანდ ოპერა”)
15:00 ფესტივალის ფოტო – კონკურსის ექსპოზიციის გახსნა (კინოთეატრი “საქართველო”)
16:00 – 18:00 ილო ხახიაშვილის გახსენების საღამო (კინოთეატრი “საქართველო”)
15 აგვისტო
12:00 – 14:00 ვორქშოპი, მასტერკლასი (კინოთეატრი “საქართველო”)
15:00 – 16:00 ექსკურსია კინო – რეჟისორ რეზო ჩხეიძის მუზეუმში
17:00 – 18:00 ექსკურსია ფოტო – კინო მატიანეს მუზეუმში
16 აგვისტო
18:00 – 20:00 ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია