“დათო  სამშობლოს დაძახებულზე წავიდა ომში  და მზად იყო თავგანწირვისთვის…”

“ვის შეეწირეო,– დაატირეს სამძიმრის სათქმელად მოსულმა ქალებმა.

სამშობლოს, სამშობლოსათვის დაიღუპა ეს,– უცბად წელში გასწორდა და ტირილი შეწყვიტა გარდაცვლილის  დედამ — რამდენიმე წამით ადრე,  შვილის სიკვდილით გამოწვეული სიმწრის კივილსა და ცრემლის ნიაღვარს რომ ვეღარ აკავებდა.

დიდთვალებიანი,  პატარა ტანის,  ციცქნა ქალია მამიდაჩემი ანა, მაგრამ იმ წუთში,  მისი შვილის დასატირებლად მოგროვილ მილეთში, არავინ იყო  მასზე დიდი და მასზე ძლიერი. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ძუ ვეფხივით გამეხებული, მარტო შეებმებოდა, ჩვენს ქვეყანას შემოსეულ რუსულ ურდოს.

ეს სცენა, არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. მაშინ ვიგრძენი — თითქოს დედამ  თავიდანვე იცოდა,  გათხოვებიდან რვა წლის შემდეგ დაბადებულ სიყრმის შვილს სამშობლოსათვის რომ ზრდიდა — არ ეწინააღმდეგებოდა მის ლტოლვას სამხედრო საქმისკენ, სათუთად ინახავდა შვილის  თითქმის წინასწარმეტყველურ ლექსებს ქვეყნისთვის თავგანწირვაზე, დღედაღამ ელოლიავებოდა გადაყვითლებულ წიგნებში შენახულ, გორკიდან გამოგზავნილ, თითქმის ნაცრად ქცეულ იებს.

37 წლის პოლკოვნიკი, დავით ელიზბარაშვილი 2008 წლის რუსული ბოროტების შემთხვევითი მსხვერპლი არ არის — დათო  სამშობლოს დაძახებულზე წავიდა ომში  და მზად იყო თავგანწირვისთვის, მან ეს იცოდა და  საკუთარი სიკვდილი მაშინ დაუშვა, როცა დანაღმულ ველზე დავალების შესრულება მარტომ, თანამებრძოლების გარეშე გადაწყვიტა.

ჰოდა, ვისაც სამშობლო არ გიხმობთ, ვისაც ოკუპანტისგან მიტაცებული ჩვენი მიწა – წყლის თითოეული გოჯი არ გიწვავთ ფეხებს, ვისაც რუსული ბოროტება – სიკეთე გგონიათ, ანდა შეგნებულად ბრმავდებით,  შვილზე დარდით ამოღამებულ დიდ თვალებში მამიდაჩემს შეხედეთ თამამად.

რომ იცოდე,  როგორი ამაყია შენი მონატრებით დაღლილი დედაშენი, ბატონო პოლკოვნიკო, როგორი ამაყი…”

ხათუნა გულიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები