რეპრესირებული თამარ ბაგრატიონი – ნიკოლო მიწიშვილის მეუღლე

1937 წლის 5 ივლისს პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 15 აგვისტოს გამოიცა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისრის, ეჟოვის ოპერატიული ბრძანება №00486, რომელმაც განსაზღვრა ათასობით საბჭოთა ქალისა და ბავშვის მომავალი ბედი თუ უბედობა. დიადი საბჭოეთის შენებას არ ჰყოფნიდა ზვარაკად შეწირული ,,ხალხის მტრის“ ბრალდებით დაპატიმრებული და დახვრეტილი ათი ათასობით მამაკაცი, ჯერი მათ მეუღლეებზე მიდგა… ,,ჩესეირებით“ (,,член семьи изменника Родины”) დატვირთული საქონლისთვის განკუთვნილი დახურული ვაგონები ძირითადად ნავთლუღის სადგურიდან გადიოდა ციმბირისა და ყაზახეთის მიმართულებით.

ცისფერყანწელი ნიკოლოზ მიწიშვილი ანტისაბჭოთა საქმიანობის, აგიტაცია-პროპაგანდისა და მავნებლობის ბრალდებით 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს შინსახკომის ორგანოებმა, 2 ივლისს გაასამართლეს და განაჩენი – დახვრეტა სისრულეში 12 ივლისს მოიყვანეს. რასაკვირველია, რეპრესიებს ვერ ასცდა მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.

ძალიან ლამაზი ყოფილა თამარი. 1931 წელს მოსკოვში დაბეჭდილა ღია საფოსტო ბარათები განზოგადებული სახელწოდებით – ,,ქართველი ქალი”, რომლებზეც ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი თამარი იყო გამოსახული, ეს ქართველი ბანოვანი, სხვა ქართველ ქალებთან – ,,მოღალატეთა” ცოლებთან ერთად დაბამბული, გაპოხილი მძიმე ბუშლატითა და ცხვირაზნექილი თექურებით მორდოვაში, პოტმას ბანაკში, 40 გრადუს ყინვაში 80 კილომეტრს გადიოდა დღეში.

თამარ ბაგრატიონის შესახებ შსს არქივში 1956 წლის სამიმომხილველო ცნობაა შემონახული, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ თამარ ბაგრატიონ-მიწიშვილს შეეფარდა საქ. სსრ სისხლის სამართლის 58-10 და 58-11 მუხლები, დააპატიმრეს 1937 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ორდერის საფუძველზე, ორდერს ხელს აწერს რაფავა. აღსანიშნავია, მან თავი დამნაშავედ არ ცნო, სასამართლოზე განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და არც ქმრის დანაშაულებრივ ქმედებებზე იცის რამე. შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, როგორც ,,ხალხის მტრის” ოჯახის წევრს, მიესაჯა 8 წლით გადასახლება შრომა-გასწორების ბანაკში. თბილისში დაბრუნდა 1945 წელს, გარდაიცვალა 1979 წელს, 70 წლის ასაკში.

ფოტო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული დამანა მდივნიშვილის კოლექციიდან.

ინფორმაციის წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები