ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს ოლიმპიურ ფესტივალზე
ბანსკა-ბისტრიცას (სლოვაკეთი) XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს ორი მედალი შეემატა და ამჯერადაც ჩვენმა ძიუდოისტებმა იყოჩაღეს.
ძიუდოისტთა ტურნირი გუშინ საქართველოს ჰიმნით დასრულდა: მძიმეწონოსანმა გიორგი ტაბატაძემ ზედიზედ ოთხ მეტოქეს აჯობა ჩემპიონობა იზეიმა.
გიორგი ტაბატაძე შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება – დაამარცხა ესტონელი, გერმანელი და პოლონელი თანატოლები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქ რეჩეპ ერჯინს ორ წუთში იპონით მოუგო და კვარცხლბეგის პირველ საფეხურზე ასვლის პატივი დაიმსახურა.
შედეგიანად იასპარეზა გიორგი ბადუაშვილმაც (-100 კგ). მან მეოთხედფინალიდან დაიწყო ასპარეზობა. პირველ შეხვედრაში უნგრელი მოწინააღმდეგეს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა რუმინელ თანატოლთან და ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა. ბადუაშვილმა შანსი წარმატებით გამოიყენა – გადამწყვეტ სამედლო შეხვედრაში სომეხ ერიკ საგატელიანს მოუგო.