ქ. ბარიში საქართველოს გენერალური კონსული “ალდო მოროს უნივერსიტეტის” რექტორს შეხვდა
ქ. ბარიში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ვახტანგ ანდღულაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქალაქ ბარიში “ალდო მოროს უნივერსიტეტის” რექტორთან, პროფესორ სტეფანო ბრონძინისთან. ინფორმაციას ქ. ბარიში გენერალური საკონსულო ავრცელებს.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებთან, ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამომავლო თანამშრომლობას, მათ შორის ორ ქვეყანას შორის ერთობლივი სასწავლო პროექტებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს.
„რექტორის მხრიდან აღინიშნა, რომ საინტერესო იქნებოდა ასევე შემდგარიყო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან პირდაპირი კავშირის დამყარება და პროფესორ მასწავლებლების გაცვლითი მოკლევადიანი პროგრამების შემუშავება.
რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტის ძირითად მიმართულებებზე, სამეცნიერო და სტრუქტურულ დანაყოფებზე, უნივერსიტეტში შემავალ კვლევით ცენტრებზე, საერთაშორისო პროგრამების მნიშვნელობაზე და გამოთქვა რწმენა, რომ მომავალ წლებში უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე, სტუდენტი და მკვლევარი, დაინტერესდება „ალდო მოროს“ უნივერსიტეტში განათლების მიღების შესაძლებლობით.
„ალდო მოროს“ უნივერსიტეტი ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია სამხრეთ იტალიაში. დღეისათვის ჩვენი 20-მდე თანამემამულე აგრძელებს სწავლას ამ უნივერსიტეტში. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში იგეგმება გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან”, – ნათქვამია ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.