რთული ემიგრანტული წლების მიუხედავად “ცხოვრება მშვენიერია”
დღეს ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი და ბლოგერი ქეთი ნოგიევა უნდა გაგაცნოთ.
ქეთი უკვე ორი წელია ემიგრაციაში იმყოფება. ამ ეტაპზე ის მუშაობს ელექტროენერგიისა და გაზგაყვანილობის კომპანიაში ოპერატორად. ერთი წელია იტალიური სასწავლებლის „Scuola Leonardo Da Vinci’ – ს სტუდენტია, სადაც სრულიად უფასოდ ეუფლება იტალიურ ენას. აგრეთვე, იგი არის ქ. პერუჯაში “Oxford School” – ის სტუდენტი, სადაც ინგლისურ ენას სწავლობს.
„მინდა ვიყო, ნათელი მაგალითი იმისა, რომ მძიმე და ეკლიანი ცხოვრების შემდეგ, მზის სხივის გამონათებაც ხდება, თუ ამას მთელი გულით ვირწმუნებთ. ჩემმა ახლო სამეგობრო წრემ იცის, თუ რამდენად მძიმე და რთული ცხოვრება გავიარე სრულიად მარტო, ხშირად მქონია ხელის ჩაქნევის პერიოდი, ვიკეტებოდი სახლში, რადგან მეგონა, რომ ყველა და ყველაფრისგან განწირული ვიყავი, არაფერი გამომდიოდა და არც არავინ მყავდა დამხმარე, თუმცა ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის შემდეგ, ჩემთანაც გამოანათა მზემ“, – განაცხადა ქეთი ნოგიევამ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ, ქეთის ნოგიევას ბლოგზე, ქეთის ახალი, საავტორო გადაცემის „ცხოვრება მშვენიერია“ პრემიერა შედგა.
– ქეთი, რატომ და როდის გაგიჩნდათ იდეა საქართველოს კულტურა იტალიელებისთვის გაგეცნოთ?
– პროექტის იდეა შეიქმნა იმ დღიდან, როდესაც გავხდი ემიგრანტი და გავითავისე ემიგრანტული ცხოვრების სირთულეები. იმ პერიოდიდან, როდესაც გავაანალიზე ის ფაქტი, რომ ევროპაში ჯერ კიდევ ბევრმა ადამიანმა არ იცის სად მდებარეობს საქართველო და არ იცნობენ სათანადოდ ჩვენს მდიდარ კულტურას.
გადავწყვიტე შემექმნა ისეთი გადაცემა, რომლის მეშვეობით იტალიელ მოსახლეობას მოვუყვებოდი ჩემი ქვეყნის შესახებ და გავაცნობდი საქართველოს ყველა რეგიონს, ქართულ ნაციონალურ ცეკვებს, ხალხურ სიმღერებს, ჩვენს მდიდარ სამზარეულოს და ამ ყველაფერს ჩვენ, ყველა ერთად ვაჩვენებდით იტალიელ მოსახლეობას.
ასე შეიქმნა საავტორო გადაცემა “La vita è bella” – „ცხოვრება მშვენიერია“, ეს არის ერთგვარი ხიდი, რომლითაც ორი ქვეყანა დაუკავშირდება ერთმანეთს და დაამყარებენ კულტურულ ურთიერთობებს. მე მეამაყება ჩემი მიწა, ტრადიცია, კულტურა და მინდა ეს იტალიელებსაც წარვუდგინო. ყველას მივმართავ გაუზიარონ ეს გადაცემა თავიანთ იტალიელ ნაცნობებს, მეგობრებს, ოჯახებს, რათა ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნოს ჩვენი ულამაზესი საქართველო.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთა გარეშე ეს გადაცემა არ ჩაიწერებოდა: – წმ. ნინოს ტაძართან არსებულ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ნანილას” ხელმძღვანელობას და თითოეულ მონაწილეს, პროფესიონალ ოპერატორს მასიმო პოჩის, ალექს ყაფლანას, გიორგი მასხულიას ატელიეს და ჩემი გადაცემის პირველ რესპონდენტს ფრანჩესკო ტრეჩის, იტალიელ ისტორიკოსს და მწერალს, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საქართველოზე და ქართულ ენას სწავლობს უკვე 1 წელზე მეტია.
გახსოვდეთ მუდამ, რთული ემიგრანტული წლების მიუხედავად “ცხოვრება მშვენიერია”
სიყვარულით ემიგრანტი, ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა.