თათია კუხიანიძე Academia del Maggio Musicale-ში საოპერო ქოუჩის პროგრამაზე ჩაირიცხა
თბილისის კონსერვატორიის მაგისტრი თათია კუხიანიძე კონკურსის შედეგად ევროპის წამყვან და პრესტიჟულ აკადემიაში – Academia del Maggio Musicale-ში საოპერო ქოუჩის წელიწადნახევრიან პროგრამაზე ჩაირიცხა. სწავლის სრულ დაფინანსებასთან ერთად თათიამ სასწავლო სტიპენდიაც მოიპოვა.
Maggio Musicale Fiorentino-ს აკადემია, ფლორენციის ამავე სახელწოდების საოპერო თეატრის ბაზაზე არსებული საერთაშორისო სასწავლო ცენტრია, რომელიც 2002 წელს დაარსდა და რომლის მიზანია, “უზრუნველყოს იმ ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების სრულყოფილი და პრესტიჟული პროფესიული მომზადება, რომლებიც მზად არიან, თავი მიუძღვნან საოპერო ხელოვნებას”.
ფლორენციის საოპერო თეატრის გარდა აკადემია თანამშრომლობს იტალიისა და მსოფლიო არაერთ ისეთ პრესტიჟულ თეატრსა და აკადემიასთან, როგორიცაა ბოლონიის საოპერო თეატრი, რომის ოპერა, სიენას მუსიკის აკადემია, ბელკანტოს აკადემია “Rodolfo Celletti”, მელბურნის საოპერო თეატრი, სირაკუზის უნივერსიტეტი და სხვ.
თბილისის კონსერვატორიაში თათია კუხიანიძე ფორტეპიანოს მიმართულებით სწავლობდა ასოც. პროფ. ნინო ჟვანიას კლასში, ხოლო საკონცერტმაისტერო დახელოვნებას ეუფლებოდა ასოც. პროფესორ ცირა ქამუშაძესთან.