თბილისი ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბანაკს მასპინძლობს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 14-18 ივლისს, თბილისი ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბანაკს მასპინძლობს.
კემპში მონაწილეობენ 6-დან 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელები პოლონეთიდან, ინგლისიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, კოსტა-რიკიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. ბანაკის მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ივარჯიშებენ.
კემპის გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი მატეუშ ვიდლაკი ესწრებოდნენ, რომლებმაც ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბავშვთა საფეხბურთო ბანაკები 2016 წლიდან ტარდება. პირველ ორ კემპს ირლანდიის რესპუბლიკამ უმასპინძლა, ხოლო მომდევნო წლებში ღონისძიება პოლონეთსა და იტალიაში ჩატარდა. Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ტრადიციული კემპი ამჯერად უკვე საქართველოში ტარდება.