საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გენერალ  რაფი ბარ ლავის (რაფიელ ბალუაშვილი, 1923-1999) ხსოვნის საღამო გაიმართა

„დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში“ ისრაელის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის, ქ. იერუსალიმის მერიის საბჭოს წევრის, „ისრაელში საქართველოდან ამოსულთა და გამოსულთა გაერთიანების“ თავმჯდომარის – გენერალ  რაფი ბარ ლავის (რაფიელ ბალუაშვილი, 1923-1999) ხსოვნის საღამო გაიმართა.

გამომსვლელებმა – მუზეუმის დირექტორმა პროფესორმა გივი ღამბაშიძემ, ისრაელში საქართველოს ყოფილმა ელჩმა პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ, პროფესორმა სანდრო ნონეშვილმა, რაფი ბარ ლავის უახლოესმა ნათესავებმა: დავით და ანზორ ბალუაშვილებმა, თბილისის დიდი სინაგოგის გაბაიმ მერაბ ჩანჩალაშვილმა და დამსწრე საზოგადოებამ თბილად გაიხსენეს ცნობილი მოღვაწისა და საქართველოს დიდი მეგობრის, ბატონი რაფის ღვაწლი. მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მარინე კოშკაძემ წაიკითხა სამძიმრის წერილი რაფი ბარ ლავის გარდაცვალების გამო, რომელიც ჟურნალ „დროშის“ მთავარ რედაქტორს ბატონ რუბენ ენუქაშვილს გაუგზავნეს ანდრია აფაქიძემ, შალვა წიწუაშვილმა და გივი ღამბაშიძემ 7.09.1999 წ-ში.

მუზეუმის მთავარ საექსპოზიციო სივრცეში მუზეუმის მთავარმა მცველმა ნინო ახუაშვილმა წარმოადგინა რაფი ბარ ლავის მემორიალური ნივთები, რომლებიც, მუზეუმს რაფი ბარ ლავის ოჯახმა 2018 წელს შემოსწირა და მუზეუმის გადასცა დავით ბალუაშვილმა. ეს კოლექცია გაამდიდრა მხატვარ რაფიელ მოშიაშვილის მიერ შესრულებულმა რაფი ბარ ლავის ფერწერულმა პორტრეტმა, რომელიც ასევე დავით ბალუაშვილმა ჩამოიტანა ისრაელიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები