„იტალიის საელჩოს თასი“ თბილისში პირველად იმართება

საქართველოში იტალიის საელჩოსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ერთობლივი ინიციატივით, თბილისში ფუტსალის ტურნირი იმართება (ორ ასაკობრივ კატეგორიაში, U15 და U12).

გამარჯვებულ გუნდებს შესანიშნავი პრიზები ელით, მათ შორის, იტალიის საელჩოს ერთ-ერთი სპონსორი კომპანიის მიერ დამზადებული სპორტული ფორმა და იტალიის დროშის გამოსახულებიანი მაისურები.

ტურნირში მონაწილეობენ ისეთი გუნდები, როგორიცაა სახელგანთქმული მილანის „ინტერის“ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული და სამხრეთ კავკასიაში პირველი „ინტერის აკადემია“; „ვიკინგები“; სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია და CFF გლდანის აკადემია.

„ინტერის საქართველოს აკადემიასთან“ დაძაბულ მატჩში გამარჯვების შედეგად, U15 კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „ვიკინგები“.  U12 კატეგორიის გუნდების მატჩები გაიმართება ხუთშაბათს, თბილისის სპორტულ კომპლექსში „არენა“.

„ქართველმა მოზარდებმა შეჯიბრის მიმართ დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს, რაც იტალიური ფეხბურთის მიმართ ქართული საზოგადოების სიყვარულს ადასტურებს. ასევე, დიდია ინტერესი საქართველოში იტალიური გუნდების აქტივობისა და იმ თანამშრომლობისადმი, რომლის მიზანს ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს.

იტალიის საელჩო საქართველოში მიესალმება ამ ენთუზიაზმს, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება ახალი ინიციატივის მიზანს – იტალიასა და საქართველოს შორის სპორტული კავშირების გაღრმავებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრობის გაძლიერებას“, –  ნათქვამია იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები