საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი  სტუმრობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი  სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით განხორციელდა.

ტურის ფარგლებში, სტუმრები  ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.

„ბრიტანელი პროფესიონალების შეფასებით, საქართველო გამოირჩევა მეღვინეობის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის დაყენების ტრადიციებითა და უნიკალური ღვინოებით.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ღვინით ვაჭრობის  კომპანიის (House of Townend) წარმომადგენლის, ჯონ ტოუნენდის განცხადებით, ქართულ ღვინოს ბრიტანეთის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.

 „ინგლისში ღვინით ვაჭრობის  ერთ-ერთი კომპანიის მფლობელების მეოთხე თაობას წარმოვადგენ და ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. აღფრთოვანებული ვარ არაჩვეულებრივი ადგილების ხილვით და ადგილწარმოშობის ჯიშების მრავალფეროვნებით, ისინი ძალიან საინტერესო და უნიკალურია და, ჩემი აზრით, მათ დიდი პოტენციალი აქვთ ღვინის საერთაშორისო ბაზარზე. ერთი სული მაქვს, როდის წავიღებ ქართულ ღვინოს ლონდონში და დავიწყებ მათ რეალიზაციას. დარწმუნებული ვარ, ამ ღვინოების წარმატებაში“, – აღნიშნა ჯონ ტოუნენდიმ.

🍷ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 260 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით მეტია“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები