საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 1990 წლის ისტორიული მასალები გადაეცა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა 1990 წლის 28 ოქტომბრის დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხდომის მასალები. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათი თქმით, დოკუმენტები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საკუთრებაში გადასცა მათმა მფლობელმა, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის ხელის მომწერმა, აფხაზოლოგმა, ფილოლოგიის მეცნიერმა დოქტორმა, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.
„მასალებში წარმოდგენილია კანონპროექტების, დადგენილებათა და სხვა იურიდიული დოკუმენტების სამუშაო ტექსტები, რომლებიც სესიის სხდომებზე განიხილებოდა.
„დოკუმენტები ასახავენ, თუ რა სახისა იყო უზენაესი საბჭოს კომიტეტებში განხილული დოკუმენტები სესიაზე გატანის წინ და რა დაემატა, თუ მოაკლდა მათ შემდგომში. ამიტომ ეს საბუთები საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს ყველას, ვინც იკვლევს და მომავალში გამოიკვლევს XX საუკუნის მიწურულის ისტორიულ პროცესებს“, – განაცხადა თეიმურაზ გვანცელაძემ.
ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბატონ თეიმურაზს დოკუმენტების მოწოდებისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.