ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიხეილ თამარაშვილის არქივის კიდევ ერთი ნაწილი გადაეცა

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მიხეილ თამარაშვილის ფონდს, საჩუქრად მიხეილ თამარაშვილის არქივის კიდევ ერთი ნაწილი, კერძოდ, თამარაშვილის მიერ გადაღებული კასტელის ჩანახატები და ამ ჩანახატების თამარაშვილისეული ანოტაციები და განმარტებები  გადაეცა.

უმნიშვნელოვანესი მასალები, რომელიც შიოლაშვილების ოჯახში იყო დაცული, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადსამღვდელო დიმიტრიმ (შიოლაშვილი) გადასცა.

„მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი მასალა დახარისხებული იყო მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმისწულის, გიორგი (გოგი) შიოლაშვილის მიერ და გოგის უმცროსმა ძმამ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა, რითაც ცენტრში დაცული მიხეილ თამარაშვილის ფონდი მნიშვნელოვნად გამდიდრდა.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მაღალყოვლადსამღვდელო მეუფე დიმიტრის  მადლობას უხდის უმნიშვნელოვანესი მასალებისთვის, რომელიც ცენტრისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი შენაძენია“- ნათქვამია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები