სალონიკში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, 23 ივლისს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.

მათი ინფორმაციით, მოქმედ პრეზიდენტს ზურაბ აზმაიფარაშვილს ამჯერადაც კონკურენტი არ ჰყავს ევროპის ჭადრაკის კავშირის თავკაცობაზე.

ყველაზე ტიტულიანი ქართველი მოჭადრაკის 8 წლიანი პრეზიდენტობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მას უკვე მესამედ აირჩევენ პრეზიდენტად.

ევროპის 2003 წლის ჩემპიონმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა საჭადრაკო ფუნქციონერის საქმიანობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტობით 1998 წელს დაიწყო.

1999-2004 წლებში იყო შავი ზღვის საჭადრაკო ასოციაციის პრეზიდენტი,

2002-2004 წლებში – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი,

2002-2010 წლებში – ფიდე-ს ვიცეპრეზიდენტი,

2012-2014 წლებში – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

2014 წლიდან სათავეში უდგას ევროპის საჭადრაკო კავშირს, რომელიც ევროპის 54 ქვეყნის ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს.

მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩვენმა ქვეყანამ პირველად უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს, ევროპის ქალთა პირველ ჩემპიონატს, ევროპის ვაჟთა მეორე ჩემპიონატს, უნიკალურ და ერთადერთ ისტორიულ მატჩს ევროპასა და აზიას შორის.

ზურაბ აზმაიფარაშვილის ინიციატივით დაწესდა უმაღლესი ევროპული ჭადრაკის ჯილდო – ოქროს პაიკი, რომლის დაჯილდოების ცერემონიალი მონტე-კარლოში 2019 წლის ნოემბერში გაიმართა.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის გუნდი დაკომპლექტებულია მსოფლიო ჭადრაკში პოპულარული და წარმატებული საჭადრაკო სახეებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები