პროექტი „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“

პროექტის „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ მონაწილეები საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა მოინახულა და მათ საცხოვრებელ პირობებს, გონიოში, ადგილზე გაეცნო.

უკრაინელმა მოზარდებმა ბატონ იგორ დოლგოვს საჩუქრად, სპეციალური წარწერებით, უკრაინის დროშა გადასცეს და ქართული სიმღერაც შეასრულეს.

ქართულ-უკრაინული პროექტი „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“  5 წელია ხორციელდება. სხვადასხვა კერძო სექტორთან და სამთავრობო უწყებებთან ერთად, პროექტს მუდმივად გვერდით უდგას საქართველოში უკრაინის საელჩო.

“პროექტი საქველმოქმედო ფონდი „ალილო 2015“-ის (საქართველო) ორგანიზებით მეხუთედ იმართება, მიმდინარე წელს ფონდის პარტნიორია უკრაინული ფონდი „ჩემი უკრაინისთვის”.

აქტივობების  მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავებას, უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებასა და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციას. სხვადასხვა აქტივობაში წელს 25 უკრაინელი მოზარდი მონაწილეობს, რომლებიც უკრაინის საომარი მოქმედებების ზონებიდან (ცხელი წერტილებიდან) არიან.

პროექტი 14 დღეზეა გათვლილი და უკრაინელი მოზარდები სამშობლოში 18 ივნისს გაემგზავრებიან“- ნათქვამია ფონდი ალილო – 2015-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები