თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა ჯარებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე „შვიდკაცა რაგბიში“, რომელიც 17-19 ივნისს ქ. აჟენში გაიმართება.
თავდაცვის ძალების 12-კაციანი რაგბის ნაკრები სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. საფრანგეთში გამგზავრებამდე, სამხედროებმა მომზადება ავჭალაში მდებარე რაგბის სტადიონზე გაიარეს. ნაკრებთან ერთად, ჩემპიონატზე გაემგზავრნენ საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული სპორტული კლუბის, ‘’არმია’’-ს წარმომადგენლები.
საერთაშორისო ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბიში ჯარებს შორის წელს დაარსდა და პირველად ტარდება. ტურნირში, რომელიც საფრანგეთის რაგბის ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტის, ბერნარდ ლაპორტის მხარდაჭერით ტარდება, მონაწილეობას იღებენ საფრანგეთის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, სამხრეთ კორეის, კოტდიუვარის, საქართველოსა და უზბეკეთის სამხედრო ძალების გუნდები.