“ეჰ, თამუნია, თამუნია…”- იცით, ვინ იყო რეზო გაბრიაძისა და გია ყანჩელის მუზა – თამუნია?
თამუნია გენძეხაძეს მთელი ქუთაისი და თბილისი ეტრფოდა. ეს ის თამუნიაა, რომელიც ჯერ რეზო გაბრიაძის მუზად იქცა, მოგვიანებით კი – გია ყანჩელის. პროტოტიპს გენიალურ „შერეკილებში“ უკვდავება სწორედ დრამატურგის მახვილმა კალამმა არგუნა.
დათო ლიკლიკაძე:” – ეჰ თამუნია, თამუნია… ჩაგესმით ყანჩელისეული სევდიანი ჟღერადობა? იცით, ვინ თამუნიას მისტირის რეზო გაბრიაძე და ვის გამოც შექმნეს ეს უმაგრესი მუსიკა? ძირძველ ქუთაისელებს კარგად ემახსოვრებათ თამუნია გენძეხაძე…
ღმერთო, რა ლამაზი იყო ქალბატონი თამუნია. მე რომ მას ქუჩაში ავედევნებოდი, უკვე 70 წელს იყო გადაცდენილი, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი არისტოკრატული, ისეთი ნაზი, ისეთი სათნო… ან რა ხმა ჰქონდა. რომ დაიწყებდა საუბარს, ეგრევე გაჯადოვებდა. ან როგორ უხდებოდა სიგარეტი, ან როგორ სვამდა ჩაის 90-იანი წლების ბისტროში ზაირასთან ერთად.
– ქალბატონო თამუნია, წარმომიდგენია მაშინ რა ლამაზი იქნებოდით, როცა რეზო გაბრიაძემ მისი გენიალური ფილმის სცენარისთვის დაწერა თქვენზე, ან რა შთაგონება ექნებოდა გია ყანჩელს.
– დათო, დედიკო, არ გაიმეორო ეგ, არ არის მართალი… უხერხულია ბატონ რეზოსთან…
– მართალია, მართალი – (დამიდასტურა ზაირამ) ულამაზეს თამუნიაზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული. ვერც რეზო გაბრიაძე დარჩა გულგრილი.
მერე ქალბატონი თამუნია გარდაიცვალა. ბოლომდე ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. ღმერთო მისი მომაჯადოებელი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში. ზაირიკოც მოკვდა…
ეჰ, თამუნია, თამუნია…