“სევდას ვემალები და ფიქრს გავურბივარ…”
ქართველ ემიგრანტს ლელა თოლორდავას ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს და ამიტომ ზედმეტი ინფორმაციებით არ გადაგტვირთავთ და პირდაპირ შემოგთავაზებთ მის პოსტს, მის სევდიან მოგონებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“სევდას ვემალები და ფიქრს გავურბივარ… ასე ერთდროულად, თან ვიმალები და თანაც გავრბივარ…
სინამდვილეში ბებოს სავარძელთან, უკომფორტო დასაკეც სავარძლისმაგვარში ვზივარ და სანახევროდ ღია ფანჯარაში მეზობლის ეზოში მდგარ ალვის ხეს ვაპყრობ მზერას… თვალთახედვა მიორდება და თანდათან რული მეპარება, ერთი ბეწოღა მაშორებს ძილს…
– ლელა , გამოფხიზლდი!!!!! თავს შემოვუძახე და თვალის დაჭყეტას ვცდილობ… ამ დროს ძილის უფლება არ მაქვს, ბებოს დარაჯობა მაქვს მონდობილი, არადა , ისიც კაი გვარიანად თვლემს, უფრო სწორად, გატეხილი ძილის შებრუნებას ლამობს… ქალიშვილის განკარგულებით ზუსტად 16: 00 საათზე უნდა ავაყენო საწოლიდან და გადმოვაჯინო სავარძელში, თუნდაც დაძინებული…
ძილ – ღვიძლის ხელჩართული ბრძოლისგან დაღლილი თვალები მეხუჭება და ყურთასმენა მიასმაგდება, შემოსასვლელი კარის გაღების ხმის მოლოდინში… ყოველ წამში მოსალოდნელია თავზე დაგვადგეს კონტროლარე( შემმოწმებელი, კონტროლიორი😀), ვანიუსი…
ამ დაუსრულებელ ლოდინში დაუპატიჟებელი ქარი მეზობლის ეზოში შევარდნილა და ალვის ხეს ატოკებს, სასიამოვნო მელოდიად ეხეთქება ჩემი ყურის ნიჟარებს ფოთოლთა შრიალის ხმა…
და მახსენდება ჩვენი შაქარა ვაშლის ხე, მეწლე რომ იყო და უნაყოფო წელიწადს ალვის ხეს ადარებდნენ…
თვალებით ვცდილობ გონების მივარდნილ კუთხეში მიყუჟული მოგონების დანახვას…
და აი, ისიც მივიწყებული კი არა, მიძინებული მოგონება…
რამ დამავიწყოს ჩემი ბავშვობა და ჩემი სახლი, ჩემი ეზო და წითელხევი?! ყოველ ღამე სიზმრად იქ არ ვარ?!
რა ტკბილი იყო ჩვენი ეზოს მწიფე შინდისფერი შაქარა ვაშლი… გვიან შემოდგომაზე რომ დავკრეფდით და გაზაფხულამდე გაგვყვებოდა, ყინვის დაკვრის შემდეგ, ჩაიშაქრებოდა ლეღვის მურაბასავით…
ერთხელ იმ ხიდან გადმონავარდნი ვარ, მარა, არ გავამხილე, საიდუმლოდ დავტოვე დღემდე. ფეხზე ახლაც მაქვს დაღი… ყოველი დანახვისას ის დღე მახსენდება, ჭიდან მომავალმა ულამაზეს ვაშლს რომ მოვატანე თვალი … არიქა, არავინ მომასწროს მოწყვეტათქო და წყლით სავსე სათლები სირბილით მივიტანე სახლში…
და ერთ წამში ვაშლის ხესთან გავჩნდი… კიბის მიდგმა არ ჭირდებოდა, რაღაცნაირად გადაზნექილი იყო, ციცაბო აღმართის დარად…
ხოდა, კი ავუყევი ფეხების კანკალით… ტოტები აბურდულად გადაშლილი ქონდა… თვალები დავჭყიტე და გზიდან დანანახი ვაშლი ამოვიყვანე მიზანში… კაი მაღალ და მიუწვდომელ ტოტზე ყოფილა, ცოტა შემეშინდა, მაგრამ გული გავიმაგრე და მაიმუნივით ხელებით ჩამოვეკიდე მაღალ ტოტს, ფეხებს ოდნავ ვაწვდენდი იმ ტოტს, სასურველი ვაშლი რომ ესხა…
მოწყვეტა გამორიცხული იყო, რაც ძალი და ღონე მქონდა ფეხები მთელი ძალით უნდა დამერტყა ტოტზე და ვაშლიც მოწყდებოდა…
რამდენიმე ცდამ შედეგი გამოიღო და ვაშლი დაებერტყა მიწაზე… ახლა სწრაფად უნდა ჩამოვსულიყავი ხიდან, თორემ ღორი მიმასწრებდა და შემიჭამდა, გაწუწკებული იყო ვაშლზე…
ამ სიჩქარეში , ფეხი დამიცდა და მეც დავებერტყე ვაშლის სიახლოვეს, კიდევ კარგი სულ ქვედა ტოტიდან…
სიმწრით წამოვდექი და ვაშლს ხელი წავატანე, მაგრამ ნახევარი შემრჩა ხელთ, შუაზე გახლეჩილა…
გავიხედ – გამოვიხედე, ხომ არავინ შემამჩნიათქო, მაგრამ არემარეზე არავინ ჩანდა…
იმედგაცრუებული კარგა ხანს დავცქეროდი გახლეჩილ ვაშლს და ფეხის კუნთში ტკივილს ვგრძნობდი…
დავხედე და კუნთში კარგა მოზრდილი ჩალილავებული მქონდა… გადავრჩი… მაგრამ ისე მეწვოდა, ტკივილისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი…
გამწარებულმა ვაშლი შორს მოვისროლე და ჭისკენ გავიქეცი… ყინვასავით წყლით დავიბანე ფეხი, მეგონა, ლაქას ჩამოვიბანდი… მაგრამ შევცდი, დღემდე ვერ წავშალე…
ახლაც, ამ წამშიც ღიმილით დავხედე ჩემი ბავშვური ანცობის კვალს და ეს მოგონება გავაცოცხლე…
ზედმეტად სიჩუმეში ვარ, არც არავის დაურეკავს, არც არავინ შემოსულა…
ფანჯრიდან ისევ ისმის მეზობლის ალვის ხის ფოთლების შრიალი…“